საქართველოს პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: ბოკერიასთან შეკითხვები აუცილებლად იქნება

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ”ვაშინგტონ პოსტის” სარედაქციო წერილს გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოში მიმდინარე პროცესები კრიტიკულადაა შეფასებული და განაცხადა, რომ ჩნდება აბსოლუტურად საფუძვლიანი ეჭვი, რომ ”ვაშინგტონ პოსტი” მხოლოდ სააკაშვილის ლობისტების გამონათქვამების საფუძველზე აკეთებს ასეთ დასკვნებს. ამის შესახებ მან გადაცემა ”რეზიუმეში” ისაუბრა და დაამატა, რომ ეს ის ლობისტები არიან, რომლებიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ, მხოლოდ 2012 წელს მათზე 16 მილიონზე მეტი დაიხარჯა ბიუჯეტიდან და ამას გრიფი საიდუმლო ედო.

"დღეს პროკურატურაშია საქმე გადაცემული და ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. რამეთუ იქ არის 200 ათასი, 300 ათასი, 400 ათასი ნაღდი ფულით აღებული” - განაცხადა პრემიერმა. ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას, პასუხიმგებლობის საკითხი დადგეს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი გიგა ბოკერიას სამსახურით არის გაკეთებული და გაწერილი. ”რა თქმა უნდა, მასთან შეკითხვები არსებობს. უფრო მეტს მე არ ვიტყოდი. შეკითხვები აუცილებლად იქნება. მას მოუწევს, პასუხები გასცეს გამოძიებასაც, თუ გამოძიება დაუსვამს შეკითხვებს და საზოგადოებასაც. რამდენჯერმე განვაცხადე ხმამაღლა ამასთან დაკავშირებით” - თქვა ივანიშვილმა. მისი თქმით, ლობისტებზე თანხებს თავადაც ხარჯავენ, თუმცა ეს პროცესები გამჭვირვალეა.

პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ”ვაშინგტონ პოსტის” სტატიის გამოქვეყნებას წინ ბოკერიას ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი უსწრებდა.

ივანიშვილი ბოკერიას განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ უშიშროების საბჭოს ფორმალურად და რეალურად პრეზიდენტი იწვევს, თუმცა ამისთვის პრემიერის მზაობაა საჭირო. ”იმისთვის, რომ ასეთი შეხვედრა იყოს აზრიანი და საერთოდ შედგეს შეხვედრა, უნდა იყოს მზაობა პრემიერის. ცირკის გამართვა არ არის ამოცანა, რომ მე მოვიწვიე სხდომა და ვიღაცას არ სცალია ამ დროს. პრემიერისგან იყო ნეგატიური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თუ მან ეს დამოკიდებულება შეიცვალა და მოიცლის ასეთ საკითხებზე საუბრისთვის, იქნება კარგი, მაგრამ ეს პასუხი ჩვენ არ მოგვისმენია და ცალკეული დეპუტატების განცხადებები ამ ტიპის, ვერ იქნება ნამდვილად პრემიერის პასუხი", - განაცხადა 3 ივნისს გიგა ბოკერიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოკერიასთვის საპასუხო არაფერი აქვს, საბჭო პრეზიდენტის სამსახურია და პრემიერი არაფერი შუაშია. "კეთილი ინებონ და ჩემი მითითებების ლოდინის ნაცვლად იმოქმედონ ისე, როგორც ამას კონსტიტუცია და კანონი ავალებთ. მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიცია მაქვს მე, მათ უნდა გააკეთონ ის, რაც ევალებათ", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისი თქმით, უკვე 8 თვეა, საბჭოს სხდომა არ მოუწვევიათ და არ ესმის, თუ რაში იღებენ ხელფასს და რას აკეთებენ.

კომენტარები