საქართველოს პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა ”რეზიუმეში” ვრცლად ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე და საოკუპაციო ხაზთან ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე, რომელსაც გაუგებრობად აფასებს.

მისი თქმით, იმაში, რაც ბოლო წლებში მოხდა რუსეთ-საქართველოს შორის, საკუთარი დიდი წვლილი აქვს ყოფილი ხელისუფლების რიტორიკას. იმ არაკულტურულმა სიტყვებმა კი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი იყენებდა კრემლის ხელმძღვანელების მიმართ, დიდი როლი ითამაშა ქვეყნებს შორის დაძაბულობაში და ურთიერთობაში, რაც დღეს არსებობს. ახალმა ხელისუფლებამ კი დიპლომატიური ქმედება დაიწყო.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრი არაფერი გაგვიკეთებია, ბევრი რესურსი არც გვაქვს, რომ რუსეთთან გლობალურად დავალაგოთ ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ყველაზე მარტივი, ელემენტარული, რომ შევწყვიტეთ სიძულვილისა და სალანძღავი ენა", - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, დიდი გარდაქმნები ჯერ არ ხდება, თუმცა უნდა განაგრძონ სწორად მოქცევა.

ივანიშვილის შეფასებით, დღეს არსებული ვითარება თავად რუსეთს არ აწყობს და მისთვისაა პრობლემა. "მე მგონი, რომ ისინი ამას აანალიზებენ და უნდა გააკეთონ დასკვნები. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ პროცესებს, ყველაზე ცოტა, ხელი არ შევუშალოთ, გადაწყვეტილების მიღებას და დიპლომატიურად უნდა მოვიქცეთ", - აცხადებს პრემიერი. მისივე თქმით, ასეთი სეპარატისტული ტერიტორიები შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს თავად რუსეთის სახელმწიფოსთვის, მისი შიდა და გარე უსაფრთხოებისთვის და ყველა იმ ურთიერთობისთვის, რაც გლობალურ პოლიტიკაში არსებობს.

პრემიერის განცხადებით, მას არ ჰგონია და ვერ იჯერებს, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია. "მე ვფიქრობ, რომ ის, რაც მოხდა და განვითარდა, ძალიან ბევრი გაუგებრობა იყო ორივე მხრიდან და ეს არ არის თანხვედრაში რუსეთის სტარტეგიასთან. მე ვფიქრობ, რუსეთი დღეს ცდილობს ევროპასთან დაამყაროს და ნატოს წვერ ქვეყნებთან მაქსიმალურად ურთიერთობა. ყველაფერი დიალექტიკაში უნდა განვიხილოთ. ყველაფერი იცვლება", - აცხადებს ივანიშვილი.

ამავდროულად, ივანიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებმა არ გაიზიარეს მისი ოპტიმიზმი რუსეთთან მიმართებაში და ისინი სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთმა შეიძლება დაიხიოს უკან, თუ საოკუპაციო ზოლი რახან გადმოსწიეს, უკან დახევას არ უნდა ველოდოთ, ივანიშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ არ იცის, ზუსტად რამდენით გადაიწია ის, თუმცა, მას დღემდე მაინც უნდა მიიჩნიოს, რომ ეს გაუგებრობაა და არ არის ცენტრალური ხელისუფლების სტრატეგია ასეთი ქმედებები. "არაა ეს სასარგებლო რუსეთისთვის. მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა, ჩვენ ყველა ფეხზე დავაყენეთ, ძალიან მკვეთრი განცხადებები გაკეთდა, არ უღირს ამხელა სახელმწიფოს ეს იმხელა სკანდალად, რასაც ის საერთაშოიროსო თანამეგობრობიდან ზეწოლას მიიღებს", - აცხადებს ივანიშვილი.

ივანიშვილმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე დაპირებები მხოლოდ მის ანალიზზე იყო დაფუძნებული და მას სხვა კავშირები არ გააჩნია. "არანაირი კავშირები არ გამაჩნია მე რუსეთთან. მხოლოდ ანალიზით და საკმაოდ კარგი ანალიზი შემიძლია, მე ამის პრეტენზია მაქვს. ვნახოთ, ნუ ავჩქარდებით. რა თქმა უნდა, ეს არ არის თანხვედრაში ჩემს ანალიზთან, რაც ახლა მოხდა, მაგრამ ამით გლობალურ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ", - აცხადებს ის.

მისი თქმით, განსხვავებით წინა ლიდერებისგან, ისინი იქნებიან ძალიან პრინციპული, კონსტრუქციული და თანმიმდევრული. "მე რუსეთშიც მიცნობენ, რომ სიტყვის კაცი ვარ", აცხადებს ივანიშვილი და ამატებს, რომ პრინციპული პოზიცია და ხედვები გააიოლებს ურთიერთობების დალაგებას.

მან ისაუბრა რუსეთის სპეციფიკურობაზეც და განაცხადა, რომ "ჩვენთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, არა ის აგრესია მიგვეღო, რაც მივიღეთ, არამედ კეთილმეგობრული ურთიერთობა გაგვეგრძელებინა, რომელიც გვქონდა ძალიან დიდი დროის განმავლობაში მათთან".

ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ის რუსეთის როლს არ აიოლებს. "მე არ ვაიოლებ რუსეთის როლს და, რა თქმა უნდა, მან საშინელება ჩაიდინა, უდიდესი აგრესია განახორციელა ჩვენი ქვეყნის მიმართ. დამოუკიდებლად იმისა, როგორ მოიქცა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, არცერთ შემთხვევაში არ იფიქროს ვინმემ, რომ რუსეთს ეპატიება ის დიდი აგრესია, რაც მან ჩვენი ქვეყნის მიმართ განახორციელა. მე ეს არ მაქვს მხედველობაში. მხედველობაში მაქვს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი მთავრობის ქმედებები, რომელსაც ჩვენ ყველაზე მეტად უნდა მოვთხოვოთ. მე მესმის, წინა ხელისუფლებასაც გაუჭირდა, იმის წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა პრობლემები რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ყველაზე უარესი მივიღეთ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების ქმედების გამო. შესაძლებელია, ეს უარესი ისედაც განვითარებულიყო, მაგრამ პირველ რიგში ჩვენს ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, რადგან არ შეიძლება ისტერიული და ემოციური გამონათქვამებით შეურაცხყოფა მივაყენოთ ჩვენს ოპონენტებს", - აცხადებს ივანიშვილი.

კომენტარები