ISAF-ის მისია

ავღანეთში ექვსი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

David Mdzinarishvili / REUTERS

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში თავდახმის შედეგად დაიღუპა ექვსი ქართველი ჯარისკაცი, ერთს კი ნანგრევებში ეძებენ. დაჭრილია ცხრა სამხედრო მოსამსახურე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოფიციალური ცნობებით, ქართულ მოწინავე ბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო მანქანა ააფეთქა. გარდაცვლილები არიან: კაპრალი ორთავიძე თეიმურაზი თამაზის ძე, კაპრალი ადამოვი გიორგი ნუგზარის ძე, პირველი კლასის რიგითი გურგენაშვილი ზურაბი გიორგის ძე, რიგითი ნარინდოშვილი მიხეილი ვეფხვიას ძე, რიგითი ცუგოშვილი ბორისი ტარიელის ძე, და პირველი კლასის რიგითი სულხანიშვილი ზვიადი სულხანის ძე. ნანგრევებშია მოყოლილი პირველი კლასის რიგითი ღუჭაშვილი გიორგი ვაჟას ძე.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიუხედავად ამ თავდასხმებისა, ქართველი სამხედროები უკან არ დაიხევენ და ისინი სრულ მზადყოფნაში არიან, ბოლომდე შეასრულონ მათზე დაკისრებული მისია.

თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე მედიით გავრცელდა NATO-ს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის სამძიმარი ჯარისკაცების დაღუპვასთან დაკავშირებით.

"ღრმა მწუხარებას ვუცხადებ ქართველ ხალხს იმ დანაკარგისთვის, რომელიც დღეს განიცადეს. საშინელებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ეს ხდება ამასწინანდელი მსხვერპლიდან ცოტა ხანში. სრულ სოლიდარობას გიცხადებთ NATO-სგან", - წერდა აპატურაი.

 

კომენტარები