ხვედელიძის საქმე

TI-საქართველო: გაუგებარია, თუ რატომ დართო ნება პროკურატურამ ხვედელიძეს დროებით დაეტოვებინა ქვეყანა

0 კომენტარი
ფოტო: geotimes.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტს ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ ხვედელიძე საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ხვედელიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაო წარმოადგენს აღმკვეთი ღონისძიების სახეს, რომელიც გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა ან უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. როგორც წესი, იმ პირებს, რომელთაც გირაო შეეფარდათ, ასევე ეზღუდებათ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ გელა ხვედელიძის მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება ვერ ჩაითვლება გირაოს პირობების დარღვევად, თუ არსებობდა კომპეტენტური ორგანოების ნებართვა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ჩნდება გარკვეული ეჭვები.

„პროკურატურის წარმომადგენლებმა გელა ხვედელიძის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება მოითხოვეს. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალებოდა ან არ გამოცხადდებოდა სასამართლოში, გაანადგურებდა საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენდა ახალ დანაშაულს. გაუგებარია, თუ რატომ დართო ნება პროკურატურამ გელა ხვედელიძეს დროებით დაეტოვებინა ქვეყანა, მაშინ როდესაც თავად მოითხოვა აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება. ამგვარი შემთხვევები სხვა მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებში არასდროს დაფიქსირებულა“ - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს იყვნენ თანმიმდევრულები საკუთარ საქმიანობაში და ნუ მიიღებენ იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც წარმოქმნის საფუძვლიან ეჭვებს იმის შესახებ, რომ ადგილი აქვს ზოგიერთი ბრალდებული პირისთვის კანონის შერჩევითად გამოყენებას.  

შეგახსენებთ, რომ ხვედელიძეს, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გავრცელების საქმეზე ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა ედება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები