შსს

შსს: სამეგრელოში აღმოჩენილია წინა ხელისუფლების დროს მოწყობილი სამალავები

შსს-ს განცხადებით, სამეგრელოში აღმოჩენილია წინა ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ხელმძღვანელობით მიწის ქვეშ შენიღბულად მოწყობილი, სპეციალური კამუფლაჟით დაფარული სამალავები. სამინისტრო ირწმუნება, რომ მათში ნაპოვნია ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის, დივერსიული საქმიანობის წარმოებისათვის გათვალისწინებული დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, აგრეთვე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ, ჰეროინი, კოკაინი, ოპიუმი, სუბუტექსი და სხვა.

"ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში. ნიშანდობლივია, რომ ცალკეული დოკუმენტები შედგენილია ხელით, რაც ქმნის მნიშვნელოვან მტკიცებულებით ბაზას დამნაშავე პირების სწრაფად იდენტიფიკაციისა და დაკავებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს ირწმუნება, რომ სამალავებში ასევე ნახეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი, რომელთა შესწავლისათვის ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

შსს-ს გავრცელებულ კადრებში ჩანს ასევე ჩანს ხელნაწერი დოკუმენტი, რომელსაც აწერია: მეგის სერგოს ძე ქარდავას შინაგანაწესი.

"ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ზემოაღნიშნული სამალავების მიკვლევისა და დროული განეიტრალების შედეგად თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული, განსაკუთრებით მძიმე და საშიში დანაშაულები, რომელთა შესახებაც დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად მივაწვდით", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები