უსუფაშვილი ევროპარლამენტში

უსუფაშვილი კრიტიკოსებს "ევროპელ კანდელაკებს" უწოდებს

ევროპარლამენტი
JLogan / wikipedia

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლისას უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არ იცვლება და ამის ერთ-ერთ მაგალითად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია დაასახელა. მისი თქმით, NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს.

გამოსვლის დასრულების შემდეგ ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი აზრი გამოთქვეს და უსუფაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვეს.

ევროპარლამენტარმა ევროპის სახალხო პარტიიდან იაცეკ ვოლსკიმ გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება შერჩევითი სამართლისა და ოპოზიციაზე ზეწოლის საშიშ გზას დაადგა. ვოლსკის აზრით, ამის დადასტურებაა ყოფილი პრემიერმინისტრისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება.

"ვფიქრობ, ეს უკვე სცდება წითელ ხაზს, რაც მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც. ოპოზიციის დევნისა და რევანშის გამო სიტუაცია გაცილებით მძიმეა.  თქვენი განცხადებები ევროპული არჩევანზე სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ არაა დამაჯერებელი არსებული ფაქტების ფონზე. კარგი იქნება თუ თქვენი ევროპული არჩევანი სიმართლე იქნება და მთავრობა შეცვლის შერჩევითი სამართლის პრაქტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასოცირების შეთანხმება და ევროპული პერსპექტივა გაქრება. საქართველოს ხელისუფლება არღვევს დემოკრატიის ევროპულ სტანდარტებს. თუ თქვენ აპატიმრებთ ოპოზიციის ლიდერებს, თქვენ თქვენს ხალხს ართმევთ არჩევანის თავისუფლებას. მე პირადად საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას მხარს ვერ დავუჭერ, თუ ვილნიუსის სამიტამდე საქართველოში სიტუაცია არ შეიცვლება", - განაცხადა ვოლსკიმ.  

უსუფაშვილს მიმართა კშიშტოფ ლიზეკმაც. ევროპარლამენტარმა მერაბიშვილის დაპატიმრება უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებას შეადარა და აღნიშნა, რომ ამ ორ ფაქტს შორის მსგავსებაცაა და განსხვავებაც.

"ტიმოშენკოს ციხეში უკეთესი პირობები აქვს", - აღნიშნა ლიზეკმა.

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტართა შენიშვნების საპასუხოდ განაცხადა, რომ ხელისუფლება ვალდებულია ქართველ ხალხს პასუხი გასცეს, რადგან ის მსხვერპლს წარმოადგენს.

"თუ გვირჩევთ, რომ ვაპატიოთ, მაშინ მეორე რჩევაც გვჭირდება - რას ნიშნავს სამართლიანობა. მერაბიშვილი 8 წელი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რამდენიმე თვეა რაც პარტიის გენერალური მდივანია. ის იუსტიციის მინისტრ ადეიშვილთან ერთად წარმოადგენდა მთავარ მმართველ ძალას ქვეყანაში. შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი დისკუსიიდან ერთი გაკვეთილი ვისწავლე - ეს არის შერჩევითი პოლიტიკური სამართალი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ევროპარლამენტარებს "ევროპელი კანდელაკები" უწოდა.

"სახალხო პარტიიდან რამდენიმე პიროვნება აგრძელებს თავის ქმედებებს, ისე როგორც დღემდე მუშაობდნენ. ქართველი ხალხისთვის რომ გასაგები იყოს რაზეა საუბარი, მე მათ ასე დავახასიათებდი - ევროპელი კანდელაკები. ისინი ისეთივე ერთგული მხარდამჭერები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის, როგორც საქართველოშია ბატონი გიორგი კანდელაკი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

კომენტარები