ვენეციის კომისია

ვენეციის კომისია მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის კანონპროექტის შესახებ

kyivpost.com

ვენეციის კომისიამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შესახებ მომზადებული კონონპროექტის შესახებ საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც 95-ე პლენარულ სესიაზე განიხილა. 

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ „თავად იდეა სასამართლო ხარვეზების განხილვისა არამოსამართლეების მიერ აღძრავს კითხვებს ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებათა განაწილებასა და სასამრთლო ხელსუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული“.  

დასკვნაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიდგომა გულისხმობს, რომ სასამართლო ხარვეზებში მთელი სასამართლო სისტემა და პროკურატურა მონაწილეობდა“.

„მაგრამ, იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს ამ გზით წავიდეს, საკონსტიტუციო წინააღმდეგობებისა და პრობლემების მიუხედავად, არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთა დაუშვებელია, რადგან ამ შემთხვევაში საქართველო კანონის უზენაესობის სტანდარტებს ვეღარ დააკმაყოფილებს: ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას განსაზღვრავს, სასამართლომ უნდა მიიღოს“,  - აღნიშნულია დასკვნაში.

„ვენეციის კომისიას და მართლმსაჯულებისა და ადამიანთა ღირსების დირექტორატს არ გააჩნია პოზიცია იმასთან მიმართებაში, იყო თუ არა საქართველოში სასამართლო ხარვეზები და ჰქონდა თუ არა მათ სისტემური ხასიათი, რაც დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნას მოითხოვს. მათი ერთადერთი მიზანია, წვლილი შეიტანონ იმაში, რომ შემოთავაზებული მექანიზმი ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დანაწილებისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპებს შეესაბამებოდეს“, - წერია დოკუმენტში.

ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ „ძნელია ერთმანეთს შეუთავსო კანონის უზენაესობის პრინციპები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერი ხელახალი განხილვისას უნდა იქნას გათვალისწინებული და  დღევანდელი საქართველოს თავისებურებები, კერძოდ, უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური კონტექსტი და სასამართლო სისტემის შეზღუდული შესაძლებლობები“. ამასთან დაკავშირებით, კომისია ხაზს უსვამს „ძალიან განსხვავებულ კონტექსტს“ იმასთან შედარებით, „თუ როგორ მუშაობენ  კრიმინალური საქმეების შესწავლის კომისიები, რომლებიც ევროპაში არსებობს“.  

ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია რამდენიმე რეკომენდაციას იძლევა:

1. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქმეებზე კვლავაც უნდა დარჩეს მხოლოდ სასამართლო ორგანოების კომპეტენციად. ამგვარად, სიტყვა „გადახედვა“ კანონპროექტის პირველ მუხლში უნდა შეიცვალოს ტერმინით „შესწავლა“, ან სხვა შესაბამისი ტერმინით.

2. ის ფაქტი, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად მოსარჩელეს უფლება ენიჭება საქმის განახლება მოითხოვოს, კანონის დასაწყისში, პირველივე მუხლში უნდა მიეთითოს.

3. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია უნდა კონცენტრირდეს ცალკეულ შემთხვევებზე და არ გააკეთოს დასკვნები სასამართლო ხარვეზების სისტემური მიზეზების შესახებ.

4. ანგარიში საქმიანობის შესახებ კომისიამ ხელისუფლებას მხოლოდ მუშაობის საბოლოოდ დასრულების შემდეგ უნდა წარუდგინოს.

5. კომისიის წევრებს უნდა ჰქონდეთ მხოლოდ ფუნქციონალური იმუნიტეტი.

6. მე-4 მუხლს უნდა დაემატოს წესი ინფორმაციის გაუხმაურებლობის შესახებ,

7. კომისიის უფლებამოსილება უნდა მოიცავდეს ერთ ვადას, რომელიც განახლებადი არ იქნება. პარლამენტს მისი უფლებამოსილების შეწყვეტა უნდა შეეძლოს, თუ აღარ არსებობს განსახილველი შემთხვევები. 

8. კომისიის წევრების კანდიდატურებს არ უნა წარმოადგენდნენ საპარლამენტო ფრაქციები და ისინი არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიების წევრები. უნდა მოხდეს კანდიდატების საჯარო მოწვევა.

9. კომისიას უნდა შეეძლოს განმცხადებლისთვის რჩევის ან ინსტრუქციის მიცემა, დასაბუთებულ შემთხვევებში მოსარჩელეებისთვის იურიდიული დახმარება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. 

10. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის დროებითი კომპეტენცია უნდა იყოს გამართლებული ან დასაბუთებული (მუხლი 17).


11. საჩივრების წარდგენის ვადა უნდა გაგრძელდეს და წარდგენის დაწყების თარიღი უნდა გამოქვეყნდეს მედიაში და სასჯელის მოხდის ადგილებში (მუხლი 17).


12. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ დროებით სახელმწიფო კომისიას არ უნდა შეეძლოს პროკურატურისთვის დახმარების მოთხოვნით მიმართვა (მუხლი 19) 


13. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენმა დროებითმა სახელმწიფო კომისიამ მხოლოდ მოხსენება უნდა მიიღოს, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ კომისიას აქვს მართლმსაჯულების ხარვეზების არსებობის "გონივრული ეჭვი" და მართლმსაჯულების ხარვეზების არსებობა მხოლოდ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს. 


14. მართლმსაჯულების ხარვეზების სპეციალური პალატის შექმნა საგანგებო სასამართლოების საკონსტიტუციო აკრძალვას ეწინააღმდეგება.

კომენტარები