ინციდენტი La Truffe-ში

La Truffe-ში მომხდარი ინციდენტის გამო ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს

ნიკა მელია
epn.ge

ძველი თბილისის გამგებელს ნიკა მელიას 12 მაისს, რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით ხულიგნობის მუხლით ბრალი წარედგინა. ნიკა მელია ვაკე-საბურთალოს რაიონის პირველ სამმართველოში დაკითხვაზე 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც რუსთავი ორთან საუბარში დაკითხვიდან გამოსულმა მელიამ განაცხადა, ბრალი სამი მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით წაუყენეს. 

"ბრალი ხულიგნობის მუხლით, სამ ჩვენებაზე დაყრდნობით წამიყენეს. ეს ძირითადად მაზიაშვილის, გიორგობიანის და იოსებ ბაკურიას ჩვენებებია. ეს ხალხი ჩვენებაში ამბობს, რომ მე მათ ფიზიკურად გავუსწორდი. თუმცა, სრულიად საწინააღმდეგოს ამბობენ ჩვენებაში, ვიდრე გასული ორი თვის განმაბლობაში. აქამდე ისინი აცხადებდნენ, რომ სამი პირი ოც ადამიანს გაუსწორდა . ჩანდა, რომ გამომძიებელი ვერ იღებდა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად. ის მითითებებს პროკურორისგან იღებდა, რომელიც თავის მხრივ ყველაფერს ზემოთ ათანხმებდა. ერთი სიტყვით, ამაში პოლიტიკურ სარჩულს ვხედავ, " განაცხადა ნიკა მელიამ.

სამმართველოში ძველი თბილისის გამგებელთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატი გოგიტა გაბაიძე, რომელიც მელიასადმი ბრალის წაყენებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.

"თუ ნიკა მელიას წარედგინა ბრალდება, მაშინ სხვა დანარჩენებს რატომ არ წაუყენეს? მათ შორის იმ ქალბატონს, რომლის მოქმედებებიდან გამომდინარე უფრო იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, ვიდრე მელიას მოქმედებით. ჩვენ შემდგომ გვექნება პრეტენზიები გამოძიებასთან, მაგრამ მიჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა გაბაიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა მელიას მიმართ აღმკვეთ ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

 

კომენტარები