ფარული ვიდეოჩანაწერი

ნორლანდი გაუპატიურების ვიდეოებზე: ვარ შოკირებული და გაოგნებული

georgia.usembassy.gov

დღეს, 20 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბარში კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დიპლომატიური კორპუსისთვის ნაჩვენებ გაუპატიურების ამსახველ ვიდეომასალებზე. მისი თქმით, იგი შოკირებული და გაოგნებულია.

ნორლანდი აცხადებს, რომ აღნიშნულ მასალებზე ინფორმაცია საელჩოს წარმომადგენელმა გააცნო, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა:

"ჩვენი საელჩო ყოველთვის წარმოდგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე. ჩვენი წარმომადგენელი გუშინ იმყოფებოდა ამ ბრიფინგზე და პირადად ჩამაყენა საქმის კურსში ბრიფინგზე გახმაურებულ თოთოეულ დეტალთან დაკავშირებით. ამდენად, ინფორმირებული ვარ ამ თემაზე. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ვარ შოკირებული და გაოგნებული იმ ინფორმაციით, რასაც შეიცავდა ვიდეო. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ჩატარდეს გამოძიება. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, გამოძიების დასრულებამდე ნამდვილად ვერ გეტყვით ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და რა სასჯელი უნდა იყოს გამოყენებული", - განაცხადა ნორლანდმა.

ამავე საკითთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმაც.

"ჩვენი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ არის ის, რომ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოიძიონ ვიდეოფირები. თუ აღმოჩნდება, რომ ვიდეოფირები ნამდვილია, მაშინ მთავრობას მოვუწოდებთ, დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. ის საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის საკითხია. ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბრინკმა.

ბრიჯიტ ბრინკის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, იზიარებს განწყობას ამ ვიდეოების მიმართ და მათი რეკომენდაციები ემთხვევა -  ჩატარებული უნდა იყოს საფუძვლიანი გამოძიება და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ.

კომენტარები