ტერორიზმი

პაკისტანში ტერორისტებმა ცხრა უცხოელი ალპინისტი მოკლეს

ivanbraun.dk

პაკისტანის ჩრდილოეთ რეგიონში ტერორისტებმა ცხრა უცხოელი ალპინისტი და ერთი ადგილობრივი გიდი მოკლეს. Reuters-ის ცნობით, დაღუპულთა შორის ხუთი უკრაინის, სამი ჩინეთის და ერთი ლიტვის მოქალაქეა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელები გვიან ღამით შეიჭრნენ სასტუმროში, რომელიც მთამსვლელთა საბაზო ბანაკთან ახლოს მდებარეობს და იქ მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნეს. ტერორისტები მიიმალნენ. ხელისუფლებამ რეგიონში უსაფრთხოების დამატებითი ძალები გაგზავნა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯანდულაჰის სახელით ცნობილმა დაჯგუფებამ აიღო. ტერორისტები პირობას დებენ, რომ ასეთ თავდასხმებს მომავალშიც გააგრძელებენ.

გილგიტ-ბალტისტანის რეგიონი, სადაც თავდასხმა მოხდა, აქამდე პაკისტანის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა. ეს რეგიონში ტურისტებზე პირველი თავდასხმაა. თუმცა, ბოლო წლებში გახშირდა ტერორისტების თავდასხმები შიიტური უმცირესობის ადგილობრივ წარმომადგენლებზე.

რეგიონში მდებარე ნანგა პარბატის პიკი, რომლის სიმაღლე 8125 მეტრია, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალია და მთამსვლელებს შორის პოპულარულ მარშრუტს წარმოადგენს.

ნანგა პარბატის პიკზე ქართველ ალპინისტთა ჯგუფიც იმყოფება. როგორც ქართული მედიისთვის მათი ოჯახის წევრებისგან გახდა ცნობილი, ისინი ტრაგედიის მომენტში ბანაკში არ იმყოფებოდნენ და მათგან არავინ დაზარალებულა. 

 

კომენტარები