ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობა პრაიმერის კანდიდატებს 29 ივნისს დაასახელებს

ნაციონალური მოძრაობა პრაიმერში მონაწილე კანდიდატებს 29 ივნისს დაასახელებს - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა პრაიმერის გეგმებს, მიუხედავად ყველაფრისა, არ ცვლის. პარტიის პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატის შერჩევა 30 ივნისიდან, ქუთაისიდან დაიწყება.

"მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, დევნისა და დაკავებების ფონზეც კი არ შევცვალოთ პრაიმერის ჩატარების გეგმა. ხელისუფლების ზრახვების განხორციელება და, შესაბამისად, ოპოზიციის არარსებობა, კატასტროფული იქნება ქვეყნისთვის. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, 30 ივნისიდან, ვიწყებთ პრაიმერის ქუთაისიდან და ვერთვებით საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში. სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ ამ რთულ სიტუაციაში ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დავანახოთ, რა ხდება ქვეყანაში", - განაცხადა ვაშაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა 27 ივნისს თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლების დაკავებაც შეაფასა. მისი თქმით, პოლიტიკური ოპოზიციის გასანადგურებლად "დიდი შეტევა" მიმდინარეობს:

"ის, რაც გუშინ თბილისში მოხდა, მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ველის უზურპაციის მცდელობის გაგრძელება და კულმინაციაა. კამპანია მიზანად ისახავს ოპოზიციის სტრუქტურისა და ინფრასტრუქტურის განადგურებას. ეს ხდება ყველა რაიონში... აღსანიშნავია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს და გენერალური მდივნის გზავნილი საქართველოსადმი. ანდერს ფოგ რასმუსენმა უდიდესი შეშფოთება გამოხატა მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით, რაც პირველი პრეცედენტია, მაგრამ როგორც კი NATO-ს გენერალური მდივნის თვითმფრინავი გაფრინდა, ხელისუფლებამ განაახლა დაპატიმრებები და იმის ნაცვლად, რომ ამ უმძიმესი გზავნილის შემდეგ გაეაზრებინა, თუ როგორ პოლიტიკურ რისკებს უქმნის მისი საქმიანობა საქართველოს, თავის ქმედებებს განაგრძობს და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს უსაფრთხოებასა და დემოკრატიას", - ამბობს დეპუტატი.

 

კომენტარები