ქურდული სამყარო

შსს-მ ე. წ. ქურდული სამყაროს 6 წევრი დააკავა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირები: 1978 წელს დაბადებული არტემ ა., 1984 წელს დაბადებული საიდ ა., 1973 წელს დაბადებული არაიკ ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით, თბილისის სხვადასხვა უბანში ერთდროულად დააკავეს 1983 წელს დაბადებული გიორგი კ., 1990 წელს დაბადებული მალხაზ ნ. და 1983 წელს დაბადებული გიორგი ქ.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამინისტროს ცნობით, დაკავებულები აღიარებენ ე. წ. ქურდულ სამყაროს; ამ სამყაროს წესების დაცვით მონაწილეობდნენ ე. წ. ქურდულ გარჩევებში და მოქალაქეებისგან დაშინებისა და მუქარის გზით, ე. წ. ობშიაკისთვის გარკვეულ თანხებს ითხოვდნენ.

შსს იუწყება, რომ სამართალდამცველებმა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის სპეციალური სამალავიდან კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსახროლი იარაღი ამოიღეს 2 მჭიდითა და 44 საბრძოლო ვაზნით, ასევე "ტე-ტე"-ს ტიპის პისტოლეტი 2 მჭიდით და 16 საბრძოლო ვაზნით. უწყების ცნობით, ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით ფული და ე. წ. ქურდული ობშიაკისათვის თანხების შეგროვების ამსახველი შავი ჩანაწერები. შსს-ის ცნობითვე, სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი გზით შეძენილი BMW X5 -ის მოდელის მანქანაც ამოიღეს, რომლითაც დაკავებულები დანაშაულებრივი ქმედების დროს გადაადგილდებოდნენ.

კომენტარები