საპროტესტო აქცია

ახალციხის სასამართლოს შენობას ქვები, კვერცხები და ცოცხები დაუშინეს

sknews.ge

ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა სასამართლოს მიერ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანისა და სხვა ბრალდებულების გათავისუფლება გააპროტესტეს.

რეგიონული გამოცემის - სამხრეთის კარიბჭის - ცნობით, შეკრებილებმა სასამართლოს შენობას ქვები, კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. ამის შედეგად ჩაიმსხვრა შენიობის მინები და სასამართლოს ერთი თანამშრომელი დაშავდა. 

აქციის რამდენიმე მონაწილემ სასამართლოში ძალით შესვლაც სცადა. „გამოვიდეს მშიშარა ჯეირანაშვილი“, - მიმართავდნენ მოსამართლეს აქციის მონაწილეები.  

სამხრეთის კარიბჭის ცნობით, აქციაში ქართული ოცნების აქტივისტებმა, ასევე ბორჯომის, ასპინძისა და აბასთუმნის მცხოვრებლებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ ხელში ტრანსპარანტები და ქართული ოცნების დროშები ეჭირათ.

ხვედელიანი და მისი ოთხი ყოფილი თანამშრომელი, რომელთაც ბრალი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ედებოდათ, 3 ივლისს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. 

კომენტარები