იუსტიციის მინისტრი

თეა წულუკიანი კალანდაძის დაკავების ოქმით ამაყობს

fb.com

"მე შემიძლია ვიამაყო იმ დაკავების ოქმით, რომელიც ჩემ მიერ არის შედგენილი და რომლითაც დაკავებული იქნა გენერალი გიგი კალანდაძე", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაერთოებული შტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძის დღევანდელი ჩვენების კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, კალანდაძემ ძალიან კარგად იცის, რომ მისი დაკავებისას მისი ყველა უფლება ზედმიწევნით იყო დაცული. "იმ პროცესით, რომელსაც გიგი კალანდაძის დაკავების პროცესი ერქვა იუსტიციის მინისტრის მიერ, მე დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი სწავლული იურისტი თუ პრაქტიკოსი იამაყებს, იმიტომ, რომ იქ ნაჩვენები იქნა, თუ როგორ უნდა იყოს დაკავებული ეჭვმიტანილი, მისი ყველა უფლების ზედმიწევნით დაცვით", - აღნიშნა წულუკიანმა.

"მე მას ძალიან ბევრჯერ შევუთვალე, ციხეში თუ გარეთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან იარაღი ეჭირა ხელში ქვეყნის ინტერესებისთვის საბრძოლველად და მიუხედავად იმისა, რა შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმის შედეგი, ის, მაინც, ასეა თუ ისე, იმ მუნდირის გამო, რაც მას ეცვა, იმსახურებს რაღაც გარკვეული ტიპის პატივისცემას", - განაცხადა წულუკიანმა.

გიორგი კალანდაძე გასული წლის 7 ნოემბერს  თავდაცვის სამინისტროს შენობაში დააკავეს. მისი დაკავების პროცესში მონაწილეობა იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა მიიღეს. კალანდაძეს ბრალი თავდაცვის ყოფილ მინიტსრ ბაჩო ახალაიასთან და სხვა პირებთან ერთად უფლებამოსილების გადამეტებაში წაეყენა. მოგვიანებით სასამართლომ კალანდაძეს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. თუმცა, პროკურატურამ მისთვის პატიმრობა კიდევ ორჯერ უშედეგოდ მოითხოვა. 

როგორც კალანდაძემ სასამართლოზე თავის ჩვენებაში აღნიშნა, სამინისტროში მას ირაკლი ალასანია დახვდა, რომელმაც მოსალოდნელი დაკავების შესახებ ამცნო და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ შეჰპირდა, რომ მას არაფერი შეეხებოდა. მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, ირაკლი ალასანიამ იგი ოთახში შეიყვანა, სადაც იუსტიციის მინისტრი, მთავარი პროკურორი და რამდენიმე ათეული სამართალდამცველი ელოდა. 

"დაკავების მოტივად მიჩნეული იყო და ეწერა, რომ მე შეიძლებოდა მივმალულიყავი. როცა ვიკითხე, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, რა მიმალვაზე წერთ-მეთქი, მითხრეს, ეგ ასეთი წესია, შენ არ იგულისხმები კონკრეტულადო. ამის შემდეგ მე დავურეკე ჩემს მოადგილეს, ვუთხარი, რომ მაკავებენ და რომ რაც ხდება, არის დიდი გაუგებრობა, რომელიც მალე დასრულდება", - განაცხადა გიორგი კალანდაძემ.

 

კომენტარები