0 კომენტარი

კრიპტოვალუტის ორლესული მახვილი

ცოტა ხნის წინ რუსეთმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხო ქვეყნის აგენტებად" გამოაცხადა და ამის მთავარ მიზეზად მათი დაფინანსების წყარო დაასახელა. რუსეთის ეს ნაბიჯი არც უცხო და არც ინოვაციურია ავტოკრატიული რეჟიმის ქვეყნებისთვის. მსგავსი მდგომარეობაა ირანსა და ჩინეთშიც, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლეთის დამქაშებად არიან გამოცხადებული და მათ დემონიზაციასთან ერთად აქტიური დევნაც მიმდინარეობს. ირანის პარლამენტმა 2011 წელს არასამთავრობოთა კონტროლისთვის სპეციალური ორგანო, არასამთავრობო ორგანიზაციათა აქტივობების კონტროლის უმაღლესი კომიტეტიც კი შექმნა. კომიტეტს შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს და მასში დაზვერვის, თავდაცვის სამინისტრო და პარამილიტარული ბასიჯის წევრები შედიან.

ბელარუსსა და უკრაინაში ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური რესურსები ან მაქსიმალურად კონტროლდება, ან საერთოდ ჩაკეტილი აქვთ. მაგალითად, თებერვალში ალექსანდრ ლუკაშენკომ ღიად განაცხადა, რომ ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც ოპოზიციას ან, მისი თქმით, „მეხუთე კოლონას" დაეხმარება, სასტიკად დაისჯება და ქვეყნის ღალატში იქნება მხილებული. საპირისპიროდ კი, ის ბიზნესმენები, რომლებიც სახელმწიფოს (ანუ მისი პარტიის) გაძლიერებას დაუჭერენ მხარს, სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ. მსგავსი მდგომარეობაა სამხრეთ კავკასიის ზოგიერთ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყანათა აბსოლუტურ უმრავლესობაში.

ისევე, როგორც ყველა ორგანიზაციისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციისთვისაც დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია. დაფინანსების გარეშე არსებობა არცერთ მათგანს ან პარტიას არ შეუძლია. ადგილობრივი რესურსების ნაკლებობის გამო, მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსების მთავარი წყარო ხშირად უფრო დიდი დასავლური ორგანიზაციებია.

მომხმარებლებს კომპიუტერზე აქვთ ბიტკოინის „საფულე". საფულე მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყოველი გადარიცხვის დროს ახალი „მისამართი", იგივე ანგარიში, შექმნას. „მისამართი" 33-სიმბოლოიანი კოდია. ბიტკოინის შეძენა ბიტკოინ მაინინგის ან ჩვეულებრივი ვალუტის ბიტკოინზე სპეციალური ვებგვერდების საშუალებით, Pay2bt, Coinbase ან bitcoin-24-ით გადაცვლით არის შესაძლებელი. ყიდვის შემდეგ მომხმარებლის ერთ ან რამდენიმე მისამართზე ბიტკოინის გარკვეული რაოდენობა ირიცხება.

თუმცა საერთაშორისო დონორის არსებობა არადემოკრატიული ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემებს ვერ აგვარებს. მსგავსი დიდი ორგანიზაციები ხშირად ბიუროკრატიის გარკვეულ დონეს მოითხოვენ, ანგარიშის ჩაბარებას და სხვა ბიუროკრატიულ წესებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციათა მხოლოდ ნაწილისთვის არის შესაძლებელი. ავტოკრატიული რეჟიმები მაქსიმალურად ზღუდავენ ასეთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებასაც კი. მაგალითად, WikiLeaks-ის ერთ-ერთი წერილიდან ვიგებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-ს იმდენად შეზღუდული აქვს მუშაობის უფლება ბელარუსში, რომ ნაღდი ფულის გადატანა სხვა ქვეყნებიდან უწევს. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევისას USAID-ის ბელარუსი თანამშრომელი ლიტვიდან ბელარუსში 25,000 დოლარის გადატანისთვის დააკავეს.

კიდევ უფრო რთულად არის საქმე არადემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკური ოპოზიციის შემთხვევაში. ქვეყნების დიდ ნაწილში, იქნება ის დემოკრატიული თუ არადემოკრატიული, პარტიების უცხო ქვეყნიდან დაფინანსება აკრძალული ან მაქსიმალურად შეზღუდულია. ამის მთავარი მიზეზი პოლიტიკაში სხვა ქვეყნის ინტერესების გატარების თავის არიდებაა. თუმცა დემოკრატიულ ქვეყნებში ოპოზიციურ პარტიებს დაფინანსებასთან პრობლემები, როგორც წესი, არ აქვთ და ბიუჯეტიდან ან მოქალაქეების საშუალებით ფინანსდებიან, მაშინ როცა ავტოკრატიულ ან ნახევრადავტოკრატიულ რეჟიმებში ოპოზიციის დაფინანსების თითქმის ყველა წყარო ჩაკეტილია.

მიუხედავად ამისა, ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა პოლიტიკური ასპარეზი მალე შეიძლება სრულიად შეცვალოს. ეს, ერთი მხრივ, პოლიტიკური დებატისა და ორგანიზაციის ბუნებას მთლიანად ცვლის და ამით სახელმწიფოს კონტროლს ურთულებს. ამის ნათელი მაგალითი სოციალური ქსელების გაძლიერება და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება 2.0-ის ჩამოყალიბებაა. ახალი ტიპის სამოქალაქო საზოგადოება სპონტანურად ორგანიზდება სოციალური ქსელების საშუალებით და რომელიმე კონკრეტული პრობლემის გარშემო დროებით ერთიანდება. სწორედ ასეთი ტიპის სამოქალაქო საზოგადოების დამსახურებაა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არაბული რევოლუციები.

მეორე მხრივ, შედარებით ახალი ტენდენცია, სახელმწიფოს მიღმა ფინანსური წყაროების და ონლაინვალუტის წარმოქმნა, არადემოკრატიულ რეჟიმებს ახალ პრობლემებს უქმნის. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ინტერნეტსაზოგადოება მოხიბლულია ახალი ონლაინვალუტით – ბიტკოინით, რომელიც არა რომელიმე სახელმწიფოს, არამედ რთული მათემატიკური წესების საფუძველზე მოქმედებს. ასეთი სისტემის მთავარი უპირატესობა მის დეცენტრალურობაშია: ბიტკოინი არცერთ რომელიმე მისამართზე, კომპანიაზე ან ვალუტაზე არაა მიბმული. მსგავსი დეცენტრალიზაცია სახელმწიფოს მხრიდან კონტროლს ან მის რეგულაციას თითქმის შეუძლებელს ხდის.

ვალუტის საბაზრო პრინციპებზე მიბმა და ანონიმურობის შესაძლებლობა ბევრი ინტერნეტაქტივისტისთვის ახდენილი ლიბერტარიანული ოცნებაა. კერძო ფულის მსგავსი კონცეფცია რამდენიმე ლიბერტარიანელ ეკონომისტს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა. ეს ეკონომისტები ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფოს მკაცრი შეზღუდვების გამო, მოქალაქეებს საშუალება არ აქვთ ვაჭრობა სხვა ვალუტებში აწარმოონ. შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში, ადამიანები თავად გადაწყვეტდნენ, რომელი მათგანით ვაჭრობაა მათთვის მისაღები და, შესაბამისად, ბაზარზე ერთდროულად რამდენიმე ვალუტა გაჩნდებოდა, მათ შორის, ზოგიერთი, კერძო ფულის სახით. ამ ეკონომისტების მოსაზრებით, მსგავსი ვალუტების არსებობის შემთხვევაში ინფლაცია თითქმის გამორიცხული იქნებოდა.

აქამდე ასეთი ეკონომისტების დიდი ნაწილის საყვარელი „ვალუტა" ოქრო იყო. ცენტრალური ბანკის მიერ დაბეჭდილი ვალუტისგან განსხვავებით, ოქროს ინფლაციის შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან ის შეზღუდული რესურსია. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოები, როგორც წესი, ოქროს მადანზე მკაცრ კონტროლს აწესებენ. ბიტკოინი კი ამ მხრივ იდეალურია – ის დეცენტრალიზებულია და მისი ინფლაციის შანსი არ არსებობს.

ბიტკოინის მსგავსი ვალუტის არსებობა ლიბერტარიანელებთან ერთად განსაკუთრებით სასიხარულო მემარცხენე აქტივისტებისთვისაც არის. მემარცხენეები, რომლებიც ეკონომიკურ კრიზისს ეკონომიკურ ელიტას, ხარბ ბანკირებს აბრალებენ, მათ გარეშე ფულის გადარიცხვის და ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას სიხარულით შეხვდნენ.

გადარიცხვისთვის ერთი მომხმარებელი ქმნის ახალ მისამართს, რომელსაც აწვდის მეორე მომხმარებელს.

ბიტკოინის მიმზიდველობა განსაკუთრებით იზრდება უკანასკნელი ეკონომიკური კრიზისების ფონზე, განსაკუთრებით ევროპაში. ევროზონის ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, კვიპროსში), ბანკებმა მომხმარებელს საკუთარი ფულის გატანაც კი შეუზღუდეს. ასეთ პირობებში, ბანკებისა და სახელმწიფოს მიღმა ფულის შენახვა ან გადარიცხვა ბევრისთვისაა მიმზიდველი.

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკური აქტორებს, ბიტკოინი, ანონიმურობასა და უსაფრთხოებასთან ერთად, ფინანსური წყაროების ზრდასაც ჰპირდება. თანამედროვე, ინტერნეტზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოება განსაკუთრებული სოლიდარობით ხასიათდება. დაიკავეს (Occupy) მოძრაობებმა კარგად აჩვენა, რომ საზოგადოება არა მხოლოდ ინტერნეტში, ფიზიკურადაც ცდილობს მეზობელი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. ყველაზე ხშირად ეს საელჩოებთან პროტესტის გამოთქმით, ხანდახან კი სამშობლოში გამგზავრებით და პროტესტთან უშუალოდ შეერთებით გამოიხატება. ხოლო ბიტკოინის გამოჩენა მსგავს ინტერნეტაქტივისტებს საშუალებას აძლევს, არადემოკრატიულ ქვეყანაში რეპრესირებულ ოპოზიციას ან არასამთავრობო ორგანიზაციას დაეხმარონ.

კრიპტოვალუტა, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ჟურნალისტებისთვისაც ამარტივებს არადემოკრატიულ ქვეყანაში მუშაობას: ბიტკოინის საშუალებით ხელფასის გადახდა სახელმწიფოსთვის სრულიად შეუმჩნეველი იქნება. ეს განსაკუთრებით ახალისებს WikiLeaks-ის ტიპის ჟურნალისტიკას – არადემოკრატიულ ქვეყნებში მსგავსი გაჟონვების ნაკლებობა ნაწილობრივ სწორედ ფინანსური და ანონიმურობის დაუცველობის გამოა პრობლემატური.

გადარიცხვისას მომხმარებლის საფულე ქმნის 2 „გასაღებს" – საჯაროს და კერძოს. კერძო გასაღები ადასტურებს, რომ გადარიცხვა სწორედ ამ მომხმარებლის ბიტკოინის საფულიდან ხდება. საჯარო გასაღების საშუალებით კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაადასტუროს, რომ გადარიცხვა მართლაც ხორციელდება.

თუმცა ეკონომისტთა ნაწილი ანონიმურ ვალუტას სკეპტიციზმით უყურებს. მათი აზრით, ბიტკოინის მთავარი პრობლემა ისაა, რომ მას სტაბილური ფასი არ გააჩნია და მხოლოდ დროებითი გადარიცხვებისთვის არის რეკომენდებული. მომხმარებელს თავად ბიტკოინის საიტიც ურჩევს, არ გამოიყენოს ვალუტა თანხის გრძელვადიანად შესანახად. მაგალითად, 2011 წლის ივნისში, ვალუტის ღირებულება 2 დოლარი იყო, 2013 წლის აპრილში კი 260-ს გაუტოლდა. ბიტკოინის ფასი მალევე დაეცა 130 დოლარამდე. ამ დროისთვის იგი 90 დოლარი ღირს. ამასთანავე, ბიტკოინი ჯერ ისეთი ფართო მოხმარების არ არის, როგორც მის გამომგონებლებს სურდათ. სწორედ მისი მოხმარების არეალის გაფართოებამ შეიძლება გაამყაროს ვალუტა.

ბიტკოინი განსაკუთრებით საინტერესო გახდა შავი ბაზრის მომხმარებლებისთვისაც. შავი ბაზარი მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 22%-ს შეადგენს და ის შეიძლება დიდწილად ბიტკოინზე გადავიდეს. ეს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მნიშვნელოვან თავსატეხს აჩენს (არადემოკრატიულ ქვეყნებში კი – მსგავს პროგრამებზე თავდასხმის კარგ საბაბსაც). ამას ბიტკოინისთვის მრავალმხრივი შედეგები შეიძლება ჰქონდეს – როგორც მოხმარების ზრდა და, შესაბამისად, სტაბილურობა, ისე რეპუტაციის შელახვა.

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა სამართალდამცავებმა „ონლაინბანკი" Liberty Reserve დააყადაღეს. სამართალდამცავების განცხადებით, პორტალი რამდენიმე მილიარდი დოლარის გათეთრებაში მონაწილეობდა და მისი საშუალებით კრიმინალები დიდი თანხების გადარიცხვებს ახერხებდნენ. „ბანკის" მთელი ხიბლი კი იმაში მდგომარეობდა, რომ მასში ანგარიშის გახსნა უმარტივესი და ანონიმური იყო, თუმცა სამართალდამცავებმა მაინც შეძლეს დამნაშავეთა დაკავება. მათ საქმის გამოძიებაში Liberty Reserve-ის, როგორც ფულის გათეთრებისა და გადარიცხვის ერთი, ცენტრალური ადგილის არსებობა დაეხმარა – ყველა გადარიცხვა ერთი და იმავე ადგილიდან ხორციელდებოდა, რაც პოლიციას მის გაკონტროლებას უადვილებდა. ბიტკოინის შემთხვევაში ასეთი სცენარი დეცენტრალიზაციის გამო გამორიცხულია.

ბიტკოინის პოპულარობის ზრდასთან ერთად, მას სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ ფულის გამთეთრებლებისთვის და დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლებისთვის დამატებითი შესაძლებობების შექმნაში. თუმცა ვალუტის მომხრეები ხელს ცენტრალიზებული ბანკებისკენ იშვერენ და მათაც ფულის გათეთრებასა და კრიმინალებთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. უკანასკნელ პერიოდში ბანკ HSBC-ისთან დაკავშირებული სკანდალით გაირკვა, რომ ბანკი მექსიკური ნარკოკარტელების რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს ათეთრებდა. შესაბამისად, დანაშაულებრივი მექანიზმი ტრადიციულ საბანკო სისტემაშიც ადვილად საპოვნელია.
ბიტკოინის გამოჩენამ სახელმწიფოს გარეშე ადამიანთა ურთიერთობის და ურთიერთდახმარების მორწმუნეებში დიდი იმედები გააჩინა. დეცენტრალიზებული ვალუტა კიდევ ერთი ძლიერი ინსტრუმენტია დემოკრატიზაციის პროცესის მხარდამჭერთათვის. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიურ პროგრესს ავტოკრატიული რეჟიმებიც უწყობენ ფეხს, თუმცა რესურსების რაოდენობა, რომელიც მსგავსი დეცენტრალიზებული პროცესის კონტროლს სჭირდება, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ილუზიაა.

დაშიფვრის ოპერაციების გარკვეული ეტაპის შემდეგ, ბიტკოინების გადარიცხული რაოდენობა მეორე მომხმარებლის ანგარიშზე ჩიარიცხება. გადარიცხვა საჯარო რეესტრში ფიქსირდება, თუმცა შეუძლებელია ტრანზაქციაში მონაწილე პირთა IP-მისამართების ან ვინაობის დადგენა.

როგორ მუშაობს ბიტკოინი

ბიტკოინი კრიპტოვალუტაა, რომელიც 2008 წელს კონცეფციის სახით ინტერნეტში სატოში ნაკამოტომ (სავარაუდოდ, ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ფსევდონიმი) გამოაქვეყნა. ამ ვალუტის დამახასიათებელი მთავარი ფაქტორი ის არის, რომ რომელიმე ცენტრალური ინსტიტუტის ან ორგანიზაციის მიერ არ გაიცემა. შესაბამისად, ბაზარზე დამატებითი ბიტკოინების გამოჩენით, ვალუტის გაუფასურების შანსი არ არსებობს. ცენტრალური ფინანსური ინსტიტუტის ნაცვლად, ბიტკოინის შექმნა კომპიუტერთა ქსელის საშუალებით, რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ხორციელდება. ამ პროცესს ბიტკოინის მაინინგი ეწოდება. ახალი ბიტკოინის შექმნის პროცესზე მონიტორინგს მთლიანად მომხმარებელთა ქსელი ახორციელებს.

ვალუტის გადარიცხვა სპეციალური დაცული სერვერების, ბიტკოინ მაინერების საშუალებით ხდება. მომხმარებელს აქვს საშუალება, თითოეული გადარიცხვის დროს ახალი 33-სიმბოლოიანი გასაღების საშუალებით ისარგებლოს და ამით საკუთარი ანონიმურობა დაიცვას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გადარიცხვა საჯაროდ ფიქსირდება, ანონიმურია, თუ ვინ ვის ურიცხავს ფულს. ბიტკოინის ყიდვა ჩვეულებრივი, ტრადიციული ვალუტის გაცვლითაც შეიძლება.
იზრდება იმ ორგანიზაციათა რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ ვალუტასთან ერთად ბიტკოინსაც იღებენ. ნიუ იორკში და ამერიკის კიდევ რამდენიმე ქალაქში ბიტკოინით უკვე პიცის საფასურის გადახდაც კი შეგიძლიათ. პიცის ყიდვის შემთხვევაში ანონიმურობა ალბათ ნაკლებადაა საჭირო, თუმცა ახალი ვალუტის მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ მისი გამოყენება მალე ჩვეულებრივ ონლაინმაღაზიებშიც იქნება შესაძლებელი.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები