საპრეზიდენტო არჩევნები 2013

უწყებათაშორისი კომისია, შესაძლოა, იუსტიციის სამინისტროს დაექვემდებაროს

საარჩევნო კანონში პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია უშიშროების საბჭოს მართვიდან იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის ქვეშ გადავა.

ამ მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, უშიშროების საბჭო პასუხისმგებელია ეროვნულ უსაფრთხოებაზე და არა არჩევნებზე, ამიტომ მას საარჩევნო კამპანიასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს:

"უშიშროების საბჭოს არაფერი ესაქმება წინასაარჩევნო კამპანიასთან, ეს არ არის მისი კონსტიტუციური მოვალეობა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ითხოვდნენ, რომ ეს ფუნქცია გადასულიყო მთავრობაში, კერძოდ, პრემიერმინისტრთან. ბატონმა პრემიერმა დაიჭირა პოზიცია, რომ მას არ სჭირდება ამ შემთხვევაში ეს და მისი მხრიდან არ იქნებოდა სწორი ამ საკითხში ჩარევა. ამიტომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იქნება ის რგოლი, რომელიც, კანონის მიღების შემთხვევაში, უხელმძღვანელებს უწყებათაშორის კომისიას", - ამბობს ქუცნაშვილი.

ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულმა უწყებათაშორისმა კომისიამ მუშაობა 1 ივლისს განაახლა. კომისიას უშიშროების მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს, მის შემადგენლობაში კი იუსტიციის, ინფრასტრუქტურის, შსს-ს, განათლების, ფინანსთა, საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრების მოადგილეები, ასევე უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე შედიან.

კომისია შეისწავლის საარჩევნო პროცესის შესახებ მიწოდებულ ცნობებს და მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს.

 

კომენტარები