საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი რუსეთის ნათლისღების იუბილეს რუსეთში იზეიმებს

პატრიარქი

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთს ეწვევა. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა, ზუგდიდ-ცაიშელმა მიტროპოლიტმა გერასიმემ განუცხადა, დელეგაციის წევრები რუსეთის პატრიარქს შეხვდებიან. მეუფე გერასიმე შარაშენიძემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ დაზუსტებული არ არის. 

მეუფე გერასიმე აცხადებს, რომ რუსეთის ნათლისღების საიუბილეო ღონისძიებები მოსკოვში, კიევსა და მინსკში გაიმართება. ილია მეორე სამივე ქალაქში გამართულ ღონისძიებებს 23-30 ივლისს დაესწრება.

"იქნება საუბარი იმ თემებზე, რომელიც ყოველთვის საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის არის. პირველი ეს არის აფხაზეთის თემა და ქართველი მეფეების ნეშტების გადმოსვენება", - ამბობს მიტროპოლიტი. 

უკანასკნელად პატრიარქი მოსკოვში წელს, 20 იანვარს იმყოფებოდა. მაშინ ილია მეორე რუსეთის საპატრიარქომ და საერთაშორისო საზოგადოებრივი ერთობის ფონდმა დააჯილდოვა. ილია მეორე მოსკოვში ვიზიტისას აცხადებდა, რომ ვლადიმირ პუტინი რუსეთისა და საქართველოს ძმებად დარჩენისთვის ყველაფერს გააკეთებს. კათოლიკოს-პატრიარქმა მაშინ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია სიტყვა "შეცდომით" აღწერა.

"ჩემი ვიზიტის მიზანია დაიწყოს იმ შეცდომების გამოსწორება, რომელიც მრავლად დავუშვით. ვფიქრობ, გვეყოფა სიმამაცე და სიბრძნე იმისათვის, რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ. მე მქონდა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და შევთანხმდით იმაზე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ძმებად დავრჩეთ. ის რაც მოხდა, არც რუსეთის ბრალია და არც საქართველოსი. ეს იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი. რა თქმა უნდა, ქართველები არიან გიჟები სიყვარულში და კეთილი საქმის კეთებაში, მხოლოდ ქართველს შეეძლო ეთქვა "შენი ჭირიმე" და "შენ გენაცვალე". მე მადლობას გიხდით ყველა აქ მყოფებს იმისათვის, რომ თქვენც გიყვართ საქართველო და ჩვენ ამას ვგრძნობთ. საქართველოსა და რუსეთს შორის სიყვარული იქნება სამუდამო", - განაცხადა ილია მეორემ მოსკოვში, მოქანდაკე ზურაბ წერეთლის სახელოსნოში ვიზიტისას.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა პუტინმა ილია მეორეს ნამდივლი ქართველი უწოდა: "ძალიან ბევრი გვაკავშირებს საქართველოს და რუსეთს, აღარაფერს ვამბობ რელიგიურ, სულიერ მხარეზე. მე შევხვდი კათოლიკოსს, ილია მეორეს, ის ძალიან კეთილი ადამიანია, ის ნამდვილი ქართველია. წამი არ იყო, რომ საქართველოს ინტერესების, ქართველი ხალხის ინტერესების შესახებ არ ელაპარაკა. მაგრამ ის ამ ყველაფერს აკეთებს ბრძნულად, რბილად, მშვიდად", - განაცხადა პუტინმა.  

 

 

კომენტარები