ევროპა ლიგა

დღეს დილა და ჩიხურა ევროპა ლიგის მატჩებს გამართავენ

გორის დილა
fcdila.ge

დღეს, 18 სთ-ზე, თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება. გორის დილა დანიურ ოლბორგს უმასპინძლებს.

შარშანდელი სეზონის შემდეგ, გორულ კლუბში გადახალისება მოხდა, შეიცვალნენ ფეხბურთელები და გუნდს ახალი მწვრთნელი - გიორგი დევდარიანი წვრთნის.

გასულ წელს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დილამ დანიური ორჰუსი გამოთიშა ასპარეზობას, ამჯერად კი წარმატების მიღწევას, საქართველოს ნაკრების რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელის დახმარებით ეცდება.

"თამაში 18 საათზე იმიტომ დავნიშნეთ, რომ ამით მცირე უპირატესობა შევიქმნათ. ასეთ მაღალ ტემპერატურაზე თამაშს შევეჩვიეთ, დანიაში კი განსხვავებული კლიმატია.

ოლბორგის ძლიერ მხარეს რაც შეეხება, გუნდი 4-5 წელი ინარჩუნებს ბირთვს, 2008-09 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშა, მერე უეფას თასზე გადაინაცვლა, დაამარცხა დეპორტივო, სიტისთან კი პენალტების სერიაში წააგო. იმ გუნდის რვა ფეხბურთელი ისევ ოლბორგშია. 

ერთი სიტყვით, ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს საქმე. ჩვენთან კი სამატჩო განაცხადის 18 ფეხბურთელიდან ცხრა ახალწვეულია და დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. 

დილას ყველა ფეხბურთელს დადებითად ვაფასებ საფეხბურთო და პიროვნული თვისებებითაც, ყველა ძალიან კარგი ინდივიდუალისტია და ერთ მუშტად უნდა შევიკრათ", - განაცხადა დილას მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა.

დღესვე, შვეიცარიაში საჩხერის ჩიხურა შვეიცარიულ თუნს შეხვდება.

 

კომენტარები