საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ილია მეორე კრემლში ვლადიმირ პუტინს შეხვდა

პუტინი ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლებს ხვდება
kremlin.ru

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვლადიმირ პუტინს, 14 სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან და წარმომადგენელთან ერთად, კრემლში შეხვდა. ამგვარი წარმომადგენლობითი შეხვედრა კრემლში პირველად გაიმართა. მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები მოსკოვში რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის იუბილეს აღსანიშნავად არიან ჩასულები. გუშინ მათ მოსკოვის ქრისტე-მაცხოვრის ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღასრულეს. ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ილია მეორეს პუტინი პირისპირ, თუმცა მათ ამის მრავალი შესაძლებლობა ექნებათ. 1025 წლის იუბილე უკრაინასა და ბელარუსშიც გაიმართება, სადაც ილია მეორეც ჩავა. ქართველი პირველიერარქი 27 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტთან, 29 ივლისს კი ბელარუსის პრეზიდენტთან გამართავს შეხვედრებს. კიევში ჩასვლას ვლადიმირ პუტინიც გეგმავს. 

"რუსული სახელმწიფოებრიობისა და ნაციონალური თვითშეგნებისთვის, მართლმადიდებლობა სულიერ საყრდენად იქცა, რომელმაც მყარად შეაკავშირა ერთად რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი. სიმბოლურია, რომ ამ იუბილის ერთობლივი ზეიმისთვის სამივე ქვეყანაში შეიქმნა გაერთიანებული საორგანიზაციო კომიტეტი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის მეთაურობით... დღეს აუცილებელია ძალისხმევა, რომელიც მიმართული იქნება ცივილიზაციათა კონფლიქტების დაუშვებლობისკენ, რომელსაც სერიოზული შედეგები მოყვება. რუსეთი თავისი უდიდესი გამოცდილებით, ინტერკონფესიური მშვიდობის მხარდაჭერასა და დალაგებაში მზად არის საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის. მსოფლიოს მრავალ რეგიონში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, მრავლდება ინტერკონფესიური კონფლიქტები. ირღვევა რელიგიური უმცირესობის, მათ შორის, ქრისტიანებისა და მართლმადიდებლების უფლებები. მივიჩნევ, რომ ეს მწვავე პრობლემა უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებულუი ყურადღების ცენტრში", - მიმართა პუტინმა ადგილობრივი ეკლესიის მაღალიერარქებს.

კომენტარები