საგარეო ურთიერთობები

თედო ჯაფარიძე: კონდოლიზა რაისი ივანიშვილის მრჩეველი არ გახდება

კონდოლიზა რაისი ქართულ დელეგაციასთან ერთად
http://izvestia.ru/

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და უარყოფს გაზეთ Известия-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საქართველოს მთავრობის მრჩევლად ინიშნება.  

"ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან ჩემი და თინათინ ხიდაშელის შეხვედრის დროს (რომელსაც აგრეთვე ესწრებოდა საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩილ გეგეშიძე) არ განხილულა ის საკითხი, რომ ქალბატონი რაისი საქართველოს მთავრობის მრჩეველი გახდებოდა. აღნიშნული ინფორმაცია პირველად გაზეთ "იზვესტიით" გავრცელდა, თუმცა არანაირი ოფიციალური წყარო არ ყოფილა მითითებული. ეს ინფორმაცია არა მხოლოდ არ შეესაბამება სიმართლეს, არამედ შეხვედრისას განხილული თემების დამახინჯებული ინტერპრეტაციაა აღნიშნული გამოცემის მხრიდან.  სტენფორდის უნივერსიტეტში შეხვედრისას ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა - საქართველო რეგიონულ კონტექსტში, რუსეთთან ურთიერთობა, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივები და სხვა. ქალბატონმა რაისმა დაადასტურა, რომ ის და მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატები იყვნენ და რჩებიან საქართველოს მეგობრებად და აქტიურ მხარდამჭერებად. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უკვე გააკეთა კომენტარი ამ ინფორმაციაზე და უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს ქალბატონი რაისი მის მრჩევლად ინიშნება. იმედს ვიტოვებ, რომ ამგვარი გადაუმოწმებელი ინფორმაცია აღარ გავრცელდება ქართულ თუ უცხოურ მედიასივრცეში", - ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა გაზეთმა გუშინ, 25 ივლისს პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად კონდოლიზა რაისის მრჩევლად დანიშვნის ინიციატივა თავად რაისისგან მოდიოდა. "რაისი დაგვპირდა მხარდაჭერას და უკვე გვირჩია რაღაც რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით და რუსეთთან ურთიერთობების შესახებ", - ციტირებდა გამოცემა Известия თედო ჯაფარიძეს.

კომენტარები