კანონპროექტი

იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე მორატორიუმის განხილვა გადაიდო

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

ქართული ოცნების დეპუტატებმა გადაწყვიტეს, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების დროებით შეჩერებაზე კანონპროექტის განხილვა გადაედოთ მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა ინიციატივა გააკრიტიკა. მისი თქმით, პარლამენტის მხრიდან "უპასუხისმგებლო" ქმედება იყო იმ კანონპროექტის "დაჩქარებულად" მიღება, რომელიც 2014 წლის 1 თებერვლამდე ბანკებს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს უკრძალავს, რომლებზეც საკუთრება მოპოვებულია სესხის ან იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე.

პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებისას ქართული ოცნების დეპუტატები მოტივად "ათი ათასობით" იმ მოქალაქის პრობლემების მოგვარების საჭიროებას ასახელებდნენ, რომლებსაც საკუთარი სახლებიდან გამოსახლება ემუქრებათ, რადგან იპოთეკურ სესხებს ვერ იხდიან.

კრიტიკის შემდეგ, პარლამენტმა შეცვალა თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კანონპროექტი მეორე მოსმენით შაბათის სხდომაზე უნდა განეხილა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 27 ივლისს ქუთაისში კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა. პარლამენტში ასევე იმყოფებოდა იპოთეკით დატვირთული ბინების მფლობელთა ჯგუფიც. მათ პრეტენზიები გამოთქვეს ქართული ოცნების დეპუტატებთან კანონპროექტის მიღების გადავადების გამო. კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა გააფრთხილეს ხელისუფლება, რომ კანონპროექტის მიღება საინვესტიციო გარემოს გააუარესებს და უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორზე. მოგვიანებით, საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა, რომ მათ დაჰპირდნენ, რომ ეს საკითხი ისე მოგვარდება, რომ პარლამენტი ამ უარყოფით შედეგებს გაითვალისწინებს. 

 

 

 

კომენტარები