აგვისტოს ომი

მედვედევმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ივანიშვილის პოზიცია შეაქო

რუსეთმა შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს საქართველოსთან, თუ ქართული მხარე 2008 წლის აგვისტოში მომხდარ ფაქტს აღიარებს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევი Russia Today-ისთან აგვისტოს ომის ხუთი წლისთავთან დაკავშირებულ ინტერვიუში განაცხადა.

”შეგახსენებთ რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან არ მომხდარა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა და ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ის განსაზღვრულ პირობებში, პირობები კი მარტივია - ქართულმა მხარემ აღიაროს რაც მოხდა. შეიძლება ეს უფრო აკურატული, რთული გზით მოხდეს... მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის რაც იყო აღარ დაბრუნდება.” - განაცხადა მედვედევმა.

 დმიტრი მედვედევი რუსეთ-საქართველოს შორის ომის პროვოცირებასა და ურთიერთობის გაწყვეტაში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს და ოპტიმისტურად უყურებს პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას.  ”საკმარისია გავიხსენოთ რა თქვა პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა, მან ყველაფერი სიმართლე თქვა: "ეს თქვენ (სააკაშვილი) მოახდინეთ ყველაფრის პროვოცირება და კონფლიქტი გააღვივეთ" - განაცხადა მედვედევმა აგვისტოს ომის თემაზე საუბრისას. მედვედევმა ბიძინა ივანიშვილის ამ გაცხადებას ”რთული, მაგრამ ვაჟკაცური საქციელი” უწოდა.  იგი მოხარულია, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას ბევრად უფრო პრაგმატული პოზიცია უჭირავს და ურთიერთობის დალაგების იმედი აქვს.

ინტერვიუში მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას რთულ, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

სოხუმთან და ცხინვალთან თბილისის სამომავლო ურთიერთობის კომენტირებისას მედვედევმა განაცხადა, რომ ყველაფერი იმ ხალხის ნებაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ”ქართველი ერის ნებაზე, იმაზე თუ ვის აირჩევს მმართველად და ასევე აფხაზი ხალხისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნებაზეა დამოკიდებული ყველაფერი. მათ შეუძლიათ მათ ნებისმიერი მანდატი მისცენ და ეს მათი კონსტიტუციის ფარგლებში იქნება.” - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მას ქართველი, აფხაზი და ოსი ერების მშვიდობიანი თანაცხოვრება სურს.

 

კომენტარები