ეკონომიკური ზრდა

Standard & Poor’s: 2013 წელს ეკონომიკური ზრდა 3.5% იქნება

www.sloveniatimes.com

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2013 წელს 3.5% იქნება, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი გაიზრდება. ასეთ პროგნოზს აკეთებს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია - Standard and Poor’s - საქართველოსთან მიმართებაში.

სააგენტოს შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას ორი მთავარი მიზეზი აქვს - ეკონომიკური და პოლიტიკური და ეს მიზეზები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. 

ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში მთავრობა დემოკრატიული გზით შეიცვალა, თუმცა არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკურად დაძაბული ვითარებაა. 
"ახალმა მთავრობამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მინისტრები და მაღალჩინოსნები, ასევე ის ადამიანები დააპატიმრა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ პირებად ითვლებოდნენ - მათ შორისაა ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ნაციონალურმა მოძრაობამ ამას მიტინგებით უპასუხა. ეს ყველაფერი კონფრონტაციულ გარემოს ქმნის", - აღნიშნულია ანგარიშში.

საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, გაურკვევლობას ზრდის ისიც, რომ ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად წარმოადგინა განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც კარგად ცნობილი პოლიტიკური ფიგურა არ არის, მაშინ როცა მმართველი კოალიცია მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს.

"საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო შემცირდა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თუკი ქართული ოცნება ძალაუფლების შემდგომ კონსოლიდაციას მოახერხებს, პოლიტიკური გარემო შეიძლება გაუმჯობესდეს. თუმცა დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი გამოძიება პრეზიდენტი სააკაშვილით დაინტერესდება ან ყოფილი მთავრობის წევრების დაკავებები გაგრძელდება", - აღნიშნულია ანგარიშში.

Standard & Poor’s-ის შეფასებით, პოლიტიკურ არასტაბილურობასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შორის ძლიერი კავშირია. სააგენტოს გათვლებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ქვეყანაში შემოდინების კლება, წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წლის მეორე კვარტალში დაიწყო, ხოლო წლის ბოლოს, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 35%-ით დაიკლო. 2013 წლის პირველ კვარტალში კი ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.7%-მდე შემცირდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მთავარი მიზეზი ის გაურკვევლობაა, რაც ინვესტორებს მთავრობის პოლიტიკის მიმართ გააჩნიათ. 
Standard & Poor’s-ის შეფასებით, განსაკუთრებით ბუნდოვანია მთავრობის გადაწყვეტილებები შრომის და კონკურენციის კანონმდებლობასთან, ჯანდაცვის სფეროსთან და ახალი საინვესტიციო ფონდების ამუშავებასთან დაკავშირებით.

"ახალი მთავრობა სათანადოდ არ უხსნის ინვესტორებს და საზოგადოებას, თუ რა კონკრეტული ეფექტი შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ ცვლილებამ ქვეყნის ეკონომიკაზე", - აღნიშნულია ანგარიშში.
Standard & Poor’s-ის შეფასებით, მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს ეკონომიკის განვითარების კონკრეტული გეგმა. ამის მაგალითებად, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა და საინვესტიციო ფონდების შექმნის ინიციატივა მოჰყავს.

ჯანდაცვის რეფორმასთან მიმართებით Standard & Poor’s-ი აღნიშნავს, რომ "მთავრობა გეგმავს, სოციალური ხარჯები პენსიების ზრდისა და საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დანერგვისკენ მიმართოს. ამასთან, ის ვარაუდობს, რომ საბიუჯეტო დეფიციტს არსებულ - მშპ-ის 3%-ის დონეზე შეინარჩუნებს. შენელებული ეკონომიკური განვითარების და დეფლაციის პირობებში, მთავრობას ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლების მობილიზება გაუჭირდება, რაც მას ფისკალური მიზნების მიღწევას გაურთულებს".

ანგარიშის შეფასებით, 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოს მთავრობას მშპ-ის 1%, პენსიების და სოციალური დახმარებების გაზრდა კი საშუალოდ მშპ-ის 0.65% დაუჯდა.
"საკითხავია, რამდენად მიზანმიმართული იქნება მომავალში სოციალური ხარჯები, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთავრობა მათ გაზრდას უნივერსალურად ყველასთვის აპირებს", - აღნიშნულია ანგარიშში.

საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებით Standard & Poor’s-ი აღნიშნავს, რომ "ეს ინიციატივა ინტერესთა კონფლიქტის შემცველია, რადგან ბიძინა ივანიშვილი თავისი ფულით მათ ნაწილობრივ დაფინანსებას გეგმავს".

ბუნდოვანი გადაწყვეტილებების, შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების, მსხვილ სამშენებლო კომპანიებთან მიმართებით მიმდინარე გამოძიების და მთავრობის მიერ სოციალური ხარჯების ზრდის პირობებში, სააგენტოს პროგნოზით, 2013 წელს ინვესტიციები მნიშვნელოვნად არ მოიმატებს, მშპ-ის რეალური ზრდა 3.5% იქნება, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი 0.5%-ით გაიზრდება.

Standard & Poor’s-ი ძველ მთავრობასაც აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, დასაქმების ზრდა ვერ მოახერხა, ხოლო სასამართლოს რეფორმა წარუმატებელი იყო. "თუმცა, ჩვენი აზრით, საქართველო ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებს შორის მთელ რეგიონში, რომელმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში გატარებული რეფორმების მეტწილად ინსტიტუციონალიზება შეძლო", - აღნიშნულია ანგარიშში.

Standard & Poor’s-ის შეფასებით, სწორედ ბოლო ათწლეულის განმავლობაში გატარებული რეფორმებია იმის გარანტი, რომ პოლიტიკური ტრანზიციის პროცესში ქვეყანა განვითარებას მაინც განაგრძობს.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანას ეკონომიკური ზრდის პოტენციალი გააჩნია. თუ გაურკვევლობა და დაძაბულობა მოიხსნება, 2014-2016 წლებში ეკონომიკა მშპ-ის 5%-ით გაიზრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფისკალური შემოსავლები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო შემცირდება.

Standard & Poor’s-ის შეფასებით, ახალი მთავრობაც ვერ შეძლებს უმუშევრობის შემცირებას და სასამართლო სისტემის გამართვას, თუკი სამართალს მიკერძოებულად გამოიყენებს.

კომენტარები