2008 წლის აგვისტოს ომი

სააკაშვილი: პირველად შტაინმაიერმა გვითხრა, რომ ომი იქნებოდა

პირველი ოფიციალური პირი დასავლეთიდან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი იყო, რომელმაც საქართველოს შეატყობინა, რომ ომი გარდაუვალი იყო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, შტაინმაიერი ბათუმში იყო ჩამოსული, როცა ერთ-ერთ არაოფიციალურ შეხვედრაზე თემურ იაკობაშვილმა მას ჰკითხა, დაეხმარებოდა თუ არა საქართველოს ახალი სამშვიდობო ფორმატის მიღებაში. შტაინმაიერმა კი უპასუხა, რომ მალე ომი იქნებოდა.

სააკაშვილის თქმით, ეს მათთვის მოულოდნელი იყო, "რადგანაც კონდოლიზა რაისიც კი ამბობდა - დაივიწყეთ ომი, რუსები ამას არ იზამენო". 

"შტაინმაიერმა გვითხრა: ახლა ესენი გააგრძელებენ პროვოკაციებს, მერე რაღაც ეტაპზე მოგიხდებათ მათი სამშვიდობო სტატუსის გაუქმება. მერე ისინი სულ უფრო მეტად გესვრიან, გააძლიერებენ თავის ჯარებს და რაღაც მომენტში თქვენ ვალდებულები იქნებით უპასუხოთო, რის შემდეგაც დაიწყება დიდი ომიო და მერე ევროკავშირის ერთადერთი ფუნქცია იქნება შუაში შემოვიდეს და გაგყოთო. სხვა ფუნქცია და ახალ ფორმატზე საუბარი წინასწარ არ იქნებაო. ყველაფერი მოხდა ზუსტად ასე, გარდა სამშვიდობო სტატუსის გაუქმებისა. მე რომ სამშვიდობო სტატუსი გამეუქმებინა, იგივე ევროპელები გვეტყოდნენ, თქვენ გააუქმეთ სამშვიდობო სტატუსი და გააკეთეთ პროვოკაცია, რაზეც ბიძია იქ გაბრაზდაო. ანუ მგელი გაბრაზდა ცხვრისგან დაუფიქრებელი ნაბიჯისგანო. ესეც არ გავაუქმეთ ჩვენ და ერთადერთი, რასაც გვედავებიან, ის არის, რომ სამშვიდობოები იყვნენ იქ და რატომ შეხვედითო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 
 

კომენტარები