ოკუპირებული ტერიტორიები

ბიძინა ივანიშვილი: მზად ვართ აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის

Bidzina Ivanishvili
Official FB Page

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გორში, სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ისაუბრა.

"დღევანდელი ფიცის დადება, საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს ემთხვევა. 5 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ. ის უმძიმესი დღეები მაშინ ყველამ ერთად გადავიტანეთ და განვიცადეთ. ნგრევა და მსხვერპლი, ასეულობით  დაღუპული ადამიანი, ახალი ოკუპირებული ტერიტორიები, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული ათი ათასობით ჩვენი თანამემამულე - აი, ეს არის ის უმძიმესი შედეგი, რომელიც 8 აგვისტოს ომმა მოგვიტანა", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერს სჯერა, რომ ისტორიის ამ ტრაგიკული დღეებიდან ქართველები "სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და სწორად  გათვლილ სამომავლო გეგმებს დავსახავთ".

"მწამს, რომ თანმიმდევრული სტრატეგიით შევძლებთ ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის სრულფასოვნად აღდგენას. ჩვენ მოვიკრებთ ძალას და შევძლებთ პატიებას. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა შეძლოთ და ვაღიაროთ ჩვენი საკუთარი შეცდომებიც, ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამოვნახავთ საერთო ენას ერთიანი სამომავლო ურთიერთობებისათვის. საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა შემოაბრუნებს აფხაზებს და ოსებს ჩვენკენ და საბოლოოდ დაარწმუნებს მათ, რომ საქართველოა მათი სამშობლო", - განაცხადა პრემიერმა.

ივანიშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია განახორციელა და ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.

"ეს იყო უდიდესი დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე. მოვლენების ამგვარად განვითარებაში, სამწუხაროდ, ქართულ მხარეს პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს, რაც 2009 წელს ევროკავშირმა თავისი დასკვნითაც დაადასტურა", - განაცხადა ივანიშვილმა.  

კომენტარები