ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილის ადვოკატი: არსებობს მტკიცებულება, შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა

ვანო მერაბიშვილი
ტაბულა

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი, ყოფილი პრემიერმინისტრისთვის ბრალის გადახედვას მოითხოვს. მისი თქმით, საქმეში ახალი მტკიცებულებები არსებობს. ჩივიაშვილის თქმით, უნდა შეწყდეს მერაბიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ან, სხვა შემთხვევაში, აღმკვეთი ღონისძიება შეიცვალოს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2011 წლის 26 მაისის რუსთაველის გამზირზე მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით, ბატონ მერაბიშვილს წარდგენილი აქვს ბრალდება. ბრალდების ფორმულირების მიხედვით, მან დაამტკიცა არასწორად შედგენილი დაშლის გეგმა და გასცა ძალიან შეუსაბამო დავალებები. აღნიშნული დასკვნა 2011 წელსვე გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაცვას ჰქონოდა წვდომა აღნიშნულ დასკვნასთან. მაგრამ რატომღაც მთლიანად იყო სიჩუმე. მხოლოდ ახლახან გადმოგვცეს. დასკვნაში ყველა კითხვაზეა პასუხი გაცემული, თუ რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, აბსოლუტურად სწორად იყო დაგეგმილი  დაშლის გეგმა, აბსოლუტურად სწორად იყო მინისტრის მიერ იგი დამტკიცებული და განხორციელებული. ეს მოცემულობა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ბრალდებას აქვს, სულ მცირე, ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომ შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ბატონი მერაბიშვილის მიმართ და, სხვა შემთხვევაში, აღმკვეთი ღონისძიება მაინც შეცვალოს", - აღნიშნავს ჩივიაშვილი.

დასკვნა ორგანიზაცია თავისუფალმა ზონამ გამოაქვეყნა, რომელიც 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს ეხება. დოკუმენტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებითა და დაფინანსებით კომპანია დენსუსმა მოამზადა. ის დანიშნულების დანაყოფების მომზადებისა და მათი შეფასების დარგში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.

როგორც თავისუფალი ზონა აღნიშნავს, დასკვნის მიზანი პოლიციის ხელმძღვანელობისა და კონკრეტული დანაყოფების მოქმედების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება იყო. დოკუმენტი აქამდე იმიტომ არ გამხდარა საჯარო, რომ ის პროპაგანდისტულ ან საინფორმაციო მიზნებს არ ისახავდა. ახლა კი იმიტომ გავრცელდა, რომ 2011 წლის 26 მაისის პოლიციის ხელმძღვანელის ქმედებები სასამართლო განხილვის საგანი გახდა.

თავისუფალმა ზონამ დასკვნის მნიშვნელოვანი ფრაგმენტები გაავრცელა. ტაბულა მათ უცვლელად გთავაზობთ.

- რუსეთაველის გამზირის ბლოკირების მიზნით, მომიტინგეებმა გამოიყენეს მეტალის ბარიერები, რომელბიც მეტალის ტროსით გადააბეს ერთმანეთს და მიამაგრეს ქუჩის ბოძებს. ეს საქციელი შეიძლება გავიგოთ, როგორც პირდაპირი პროვოკაცია მომიტინგეთა მხრიდან.

- ოპერაციის დაწყების წინ პოლიციამ მომიტინგეებს შესთავაზა მიტინგის სხვა ადგილას გადატანა.

- ოპერაცია დაიწყო იმით, რომ პოლიციელთა ერთმა ჯგუფმა გადაჭრა ტროსები და დაშალა მომიტინგეების მიერ აღმართული პარლამენტის სამხრეთ მხარეს, რათა მომიტინგეებს შეძლებოდათ გაცლა. ამის შემდეგ, პოლიციის მთავარი ძალები, დაიძრნენ ჩრდილოეთიდან. ადგილზე მყოფი 1000 მომიტინგედან დაახლოებით ორასმა პოლიციიას წინააღმდეგობა გაუწია. მომიტინგეები შეიარაღებული იყვნენ ფარებითა და ხელკეტებით. არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები. არსებობდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეთა შორის ცალკეულ პირებს ლეგალურად ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი.

- რამდენიმე მანქანა, რომლებიც ეკუთვნოდათ პროტესტის ორგანიზატორებს და მათ მცველებს, დაიძრა თავისუფლების მოედნისკენ და შეხვდა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ დაკავების ჯგუფს. ჯგუფის მიზანი იყო კანონდამრღვევთა დაკავება. მანქანები არ გაჩერდნენ და გაიარეს პოლიციის რიგებში. შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, გარდაიცვალა 1 პოლიციელი და 1 სამოქალაქო პირი.

- ოპერაციის ტაქტიკური გეგმა იყო სრულფასოვანი და ის გაცნობილი ჰქონდათ დანაყოფების მეთაურებს.

- არსებობდა გეგმები მოვოლენათა განვიტარების სხვადასხვა სცენარისთვის. არსებობდა დეესკალაციის გეგმა. ოპერატიული ინფორმაცია სათანადოდ ეცნობოდა მეთაურებსა და დანაყოფებს და საფუძვლად ედებოდა ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს. თავდაპირველად გამოყენებული რესურსები, მათ შორის არასასიკვდილო და სპეციალური დანიშნულების საშუალებები, იყო თითქმის მთლიანად ადეკვატური მოსალოდნელი საფრთხისა.

- არსებობს აშკარა მტკიცებულებები, რომკ ოფიცერთა ძალიან მცირე ჯგუფის მიერ ადგილი ჰქონდა ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას. შეშფოთებას იწვევს სპეციალური საშუალებების ზედმეტად აგრესიული გამოყენების შემთხვევებიც, როდესაც ამის საჭიროება არ იყო. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ 26 მაისის რამეს ოფიცერთა უდიდესი უმრავლესობა მოქმედებდა დისციპლინირებულად, მუდმივად ასრულებდა ბრძანებებს და იყენებდა მიზნის მისაღწევად პროპორციულ და აუცილებელ ძალას. ეს ნათლად დადასტურებულია.

 

კომენტარები