შსს

შსს აცხადებს, რომ ტაჯიკი ჟურნალისტი არ დაუკავებიათ

RFE/RL

შინაგან სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ტაჯიკი ოპოზიციონერი და ჟურნალისტი დოდოჯონ ატუვულოევი არ დაუკავებიათ. "როგორც აღმოჩნდა, ამ პირს გააჩნდა გერმანიის მიერ მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი. მას ეს საბუთი ხელთ ჰქონდა. ის შეჩერდა, თუმცა, გუშინ გაფრინდა მიუნხენში", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ - ჟურნალისტები საზღვრების გარეშე - საქართველოს მთავრობას მოუწოდა, სასწრაფოდ გაათავისუფლოს ცნობილი ტაჯიკი ჟურნალისტი და ხელისუფლების ოპონენტი დოდოჯონ ატოვულოევი, რომელიც თბილისის აეროპორტში დააპატიმრეს. ატოვულოევის თქმით, ის ქართულმა პოლიციამ ინტერპოლის ორდერის საფუძველზე დააკავა. 

"ატოვულოევი ტაჯიკეთის ხელისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაუვარდეს ხელში. გერმანიამ მას დევნილის სტატუსი მიანიჭა. მისი ტაჯიკეთში ექსტრადაცია დევნილების შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარღვევა იქნება", - აცხადებენ საერთაშორისო ორგანიზაციაში. 

პრეზიდენტ ემომალი რახმონის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი დოდოჯონ ატოვულოევი ყოველთვიური გაზეთის Charogi Ruz-ის რედაქტორიცაა. ის წლების განმავლობაში იდევნებოდა ტაჯიკეთის ხელისუფლების მიერ. ჟურნალისტს ახლა ცენტრალური აზიის ტელევიზიაში გადაცემა მიჰყავს. ამ გადაცემამ ატოვულოევი სამშობლოში გაცილებით ცნობილი გახადა, ვიდრე მანამდე იყო. 

"ჩემი გადაცემა რახმონის მთავრობას ნამდვილად აღიზიანებს. მე ახლა თბილისის აეროპორტში ვარ და აქ კარგად მექცევიან. უკმაყოფილებას ქართული პოლიციით ვერ გამოვთქვამ, რადგან ისინი თავის საქმეს აკეთებენ. ეს ქვეყანა ინტერპოლის წევრია", - განაცხადა ჟურნალისტმა ტელეფონით საუბრისას. 

კომენტარები