ანგოლაგეიტი

ივანიშვილის ყოფილი პარტნიორები კორუფციულ გარიგებაში ამხილეს

osisa.org

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია თანამედროვე რუსეთის ინსტიტუტის (IMR ) ექსპერტმა ბორის ბრუკმა სტატია გამოქვეყნა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი კორუფციული გარიგების - რუსეთის წინაშე ანგოლას ვალების ჩამოწერის შესახებ. ამ საქმეს ორი რუსი ბიზნესმენის - არკადი გაიდამაკისა და ვიტალი მალკინის სახელი უკავშირდება. ორივე მათგანი წარსულში საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორები იყვნენ.

აპრილში არაკომერციულმა ორგანიზაციამ Corruption Watch UK, ანგოლური უფლებათადამცველი ორგანიზაციის Associação Mãos Livres დახმარებით, გამოაქვეყნა მოხსენება რუსეთის წინაშე ანგოლას ვალებთან დაკავშირებული კორუფციული გარიგების შესახებ. მოხსენების ავტორი, სამხრეთ აფრიკის პარლამენტის ყოფილი წევრი და Corruption Watch UK დირექტორი ენდრიუ ფეინსტეინი აღნიშნავს, რომ ამ გარიგებისთვის სპეციალურად შექმნილმა შუამავალმა კომპანიამ და რამდენიმე პირმა, უკანონო გზით რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი მიითვისეს.

ანგოლაში სამოქალაქო ომის დროს, რომელიც 1975 წელს დაიწყო, საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანას ეკონომიკურ დახმარება უწევდა. 1996 წლისთვის ანგოლას ვალმა რუსეთის წინაშე ხუთ მილიარდ აშშ დოლარს - ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს, მიაღწია. მოსკოვმა ვალის 70 პროცენტის ჩამოწერა გადაწყვიტა. დარჩენილი თანხის, 1.5 მილიარდი დოლარის გადახდა კი 15 წლით, 2016 წლამდე გადაავადა. ამ შეთანხმების მიღწევაში დიდი როლი რუსული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქე არკადი გაიდამაკმა და ფრანგმა ბიზნესმენმა პიერ ფალკონემ შეასრულეს.
ეს ორი ბიზნესმენი მეორე გახმაურებული კრიმინალური საქმის - „ანგოლაგეიტის", მთავარი მოქმედი პირებიც არიან. საქმე ანგოლასთვის, საერთაშორისო ემბარგოს გვერდის ავლით, შეიარაღების მოწოდებას ეხებოდა. ფალკონეს კუთვნილი კომპანიის მეშვეობით სულ ანგოლას რეჟიმს 790 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღი მიეწოდა.

ამ საქმეზე, რომელიც 2000 წელს აღიძრა, მთავარი ბრალდებულები სწორედ პიერ ფალკონე და არკადი გაიდამაკი გახდნენ. „ანგოლაგეიტის" საქმეში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის ვაჟი ჟან-კრისტოფ მიტერანი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი შარლ პასკუა და სხვა მაღალჩინოსნებიც ფიგურირებდნენ, რომლებსაც გამოძიებამ კორუფციის ბრალდება წაუყენა. არკადი გაიდამაკი მაშინ გამოძიებას ჯერ ისრაელში, შემდეგ კი რუსეთში გაექცა. განაჩენი ამ საქმეზე 2009 წელს გამოცხადდა. გაიდამაკს დაუსწრებლად 6 წელი მიესაჯა.

ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, ნოვაია გაზეტასთან და მთელ რიგ რუსულ გამოცემებთან თანამშრომლობს და ჟურნალისტურ გამოძიებებს აქვეყნებს, გასული წლის სექტემბერში მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ „ანგოლაგეიტის" საქმესთან ივანიშვილის კუთვნილი ბანკი როსიისკი კრედიტი იყო დაკავშირებული. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ხელზე აქვს საბრალდებო დასკვნისა და განაჩენის ასლები და ამ დოკუმენტებში ბიძინა ივანიშვილის ბანკი ძალიან ხშირად ფიგურირებს. ამ ბანკის მეშვეობით ამ საქმისთვის თანხების გადარიცხვა და მათი გათეთრება ხდებოდა.

2000 წელს „ანგოლაგეიტის" ერთ-ერთმა მთავარმა „გმირმა" არკადი გაიდამაკმა ცოტა ხნით როსიისკი კრედიტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. მოგვიანებით ივანიშვილმა განაცხადა, რომ გაიდამაკის დანიშვნის მომენტში არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ იგი იარაღის კონტრაბანდაში იყო ეჭვმიტანილი.
2012 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის შეკითხვაზე „ანგოლაგეიტის" საქმის შესახებ, ქართული ოცნების ლიდერმა განაცხადა, რომ „ამ კომპანიის შესახებ" არაფერი სმენია.

ამავე დროს, „ანგოლაგეიტის" საქმესთან ერთად, გამოძიების მასალებით, იკვეთება ასევე ივანიშვილის ბანკის დამფუძნებლის კავშირი ანგოლას ვალების ჩამოწერის გარიგებასთან.
1996 წელს გაიდამაკმა და ფალკონემ საშუამავლო კომპანია Abalone Investments Ltd. დაარსეს. ამ კომპანიამ რუსეთის მთავრობასთან ანგოლას ვალების გამოსყიდვაზე შეთანხმება გააფორმა. თანაც, ნახევარ ფასად - 750 მილონ დოლარად. ამ ვალის თამასუქები Abalone Investments-მა მაშინვე ანგოლას ნავთობის სახელმწიფო კომპანიას, უკვე სრულ ფასში მიჰყიდა. კომპანიის მოგებამ ამ გარიგებით 750 მილიონი დოლარი შეადგინა. თანხა კომპანიის ანგარიშზე შვეიცარიის SBS-ბანკში 1997-დან 2000 წლამდე ნაწილ-ნაწილ ჩაირიცხა. 1999 წელს Abalone Investments-ის 25 პროცენტიანი წილი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორმა და მეგობარმა, როსიისკი კრედიტის თანამფლობელმა ვიტალი მალკინმა იყიდა. კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ნახევარი რვა პირს შორის განაწილდა. ვიტალი მალკინს ამ თანხებიდან 48,8 მილიონო დოლარი ერგო.

როგორც მოხსენებაშია მითითებული, ვიტალი მალკინი ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გახდა და დამატებით შემოსავლებს შემდგომ განხორციელებული სხვადასხვა ოპერაციებიდანაც იღებდა.

Abalone Investments-მა საქმიანობა მას შემდეგაც განაგრძო, რას მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ „ანგოლაგეიტზე" საფრანგეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 2004 წელს გაიდამაკმა ანგოლას მთავრობას აცნობა, რომ ყველა თანხა მიღებულია და ქვეყნის ვალი რუსეთის წინაშე დაფარულია. თუმცა, სინამდვილეში რუსეთს კუთვნილი თანხა ბოლომდე არ მიუღია. ანგოლამ დამატებით 387 მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულება აიღო, გაიდამაკი კი ანგოლას 206 მილიონის დაბრუნებას შეჰპირდა. თუმცა, მოხსენების ავტორებისთვის უცნობია, შეასრულა თუ არა მან ეს პირობა. ნებისმიერ შემთხვევაში, კორუფციული გარიგების შედეგად ორივე ქვეყნის ბიუჯეტმა იზარალა.

ენდრიუ ფეინსტეინის განცხადებით, ამ საქმის ყველა დეტალის ზედმიწევნით გამოძიება ძალიან რთულია და ჯერ კიდევ ბევრი კითხვა რჩება. თუმცა, გამოძიება გრძელდება. ცოტა ხნის წინ ორგანიზაციამ Associação Mãos Livres სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის საჭირო მასალები ანგოლელ და შვეიცარიელ სამართალდამცავებს მიაწოდა.
ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი გმირი ვიტალი მალკინი, რომელმაც 2004 წელს ბიზნესი ფორმალურად დატოვა და ფედერაციის საბჭოს (სენატის) წევრი გახდა, თანამდებობიდან მიმდინარე წლის მარტში გადადგა - მას შემდეგ, რაც დოკუმენტურად დამტკიცდა, რომ იგი კანონდარღვევით ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ასევე ფლობდა საზღვარგარეთ უძრავ ქონებას და ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა.

კომენტარები