თბილისის საქალაქო სასამართლო

ტაბულას ჟურნალისტმა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ტაბულა

ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტმა, გიორგი სიხარულიძემ, შსს-ს წიანააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

24 აგვისტოს, დაახლოებით 20:15 წუთზე, კოსტავას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის რეიდის გადაღების მომენტში, პოლიციის 5-მდე თანამშრომელმა გიორგი სიხარულიძე მანქანიდან ჩამოსვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გადაღებული მასალა მობილური ტელეფონიდან წაუშალა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი შეჩერება, ზედაპირული შემოწმება და ავტომობილის ჩხრეკა მოხდა უკანონოდ და დაუსაბუთებლად, რისთვისაც, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 9 (პრიმა) (შეჩერება და ზედაპირული შემოწმება), პუნქტი 5 შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, მოითხოვს ფულად კომპენსაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკითხზე ჩატარდა მოკვლევა და პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევა არ დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ მოკვლევისას შსს არ დაკავშირებია დაზარალებულ გიორგი სიხარულიძეს.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ - საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI),საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ (TI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისსაერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ბოლო პერიოდში პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში გიორგი სიხარულიძის უკანონო ჩხრეკის ფაქტთან დაკავშირებითაც არის საუბარი:

”შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელთა ნაწილი დაედევნა ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტს, რომელიც იღებდა რეიდის მიმდინარეობის პროცესს, გაჩხრიკეს და გადაღებული ვიდეომასალა იძულებით წაუშალეს. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, თუმცა იმ ფონზე, როდესაც ფაქტის ნამდვილობის შესასწავლად ხსენებული ჟურნალისტი შესაბამის უწყებაში არც კი დაუბარებიათ, ამ ტიპის უარყოფა არასანდოდ მიგვაჩნია.საქართველოს კანონმდებლობით ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვიდეომასალის განადგურებასთან დაკავშირებით წარმოადგენს დანაშაულს, რასაც პროკურატურის მხრიდან აუცილებლად უნდა მოჰყვეს გამოძიების დაწყება” - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება გააკეთა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმაც - (EMC). 

”EMC მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად წარუდგინოს საზოგადოებას ოფიციალური განმარტება განცხადებაში ნახსენებ ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე საჯარო გახადოს მოკვლევის მასალები, რომლითაც არ დადგინდა პოლიციელის მხრიდან კანონდარღვევა „ტაბულას“ ჟურნალისტის მიმართ.” - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები