ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი: მესმის, რომ ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკური პატიმარი ვარ

Vano Merabishvili appearing before the prosecutor’s office for interrogation.
Alexander Iskandarov

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, ამ კვირაში მის წინააღმდეგ წაყენებული ერთ-ერთი ბრალდების თაობაზე სასამართლო პროცესი იწყება. როგორც მერაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, დაცვის მხარე ყველაფერს გააკეთებს მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

"ძალიან კარგად მესმის, რომ ეს პოლიტიკური პროცესია და მე ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკური პატიმარი ვარ. ისიც მესმის, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასასუსტებლად და მოახლოებული არჩევნების წინ ჩვენი პარტიის რიგებში დაბნეულობისა და დეზორგანიზაციის შემოსატანად დამაპატიმრეს. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო საზოგადოებისთვის - ქუთაისის სასამართლოში ეს საქმე წამოიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ პროკურატურას მოსამართლე ახალბედაშვილისგან გარანტია ჰქონდა მიღებული, რომ ის გამოიტანდა ჩემი წინასწარ პატიმრობაში აყვანის სრულიად დაუსაბუთებელ და უკანონო განაჩენს. შემდეგი ნაბიჯი იყო, როდესაც მოსამართლე გურულს გადაწყვეტილება ძალაში დაატოვებინეს. ესეც უპრეცედენტო დარღვევაა! მოსამართლე გურული საერთოდ არ იყო უფლებამოსილი განეხილა ეს საკითხი. საქართველოს კანონმდებლობით ამ მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება, მაგრამ იმდენად დიდია ივანიშვილის სურვილი - მე ციხეში ვიყო - რომ მთავრობა ამ პროცედურულ დარღვევებზეც წავიდა. ამ დარღვევებს დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს. როგორც საერთაშორისო, ასევე ჩვენი საზოგადოება სულ მალე დარწმუნდება, რომ სახეზეა მხოლოდ პოლიტიკური დევნა და ამ ყველაფერს საერთო არ აქვს სამართალსა და სამართლიანობასთან. ყველა ჩემ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვეუბნები სამართლებრივი ბრძოლის ამ ახალი რაუნდის დაწყების წინ", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი მიმართვაში. 

კომენტარები