უწყებათაშორისი კომისია

თეა წულუკიანი: არ შეიძლება ერთი ამომრჩეველი მეორეს ურტყამდეს

თეა წულუკიანი

უწყებათაშორისმა კომისიამ წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სხავადასხვა უწყებიდან მიღებული ინფორმაცია მოისმინა. კომისიის ხელმძღვანელი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიესალმება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც ორ საქმეზე დაიწყო ძიება. ერთ-ერთი - სოფელ საყუნეთში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ქალბატონის ცემის ფაქტია. მსგავს შემთხვევაზე, კიდევ ერთი საქმეა აღძრული. იუსტიციის მინისტრის თქმით, ასეთ ინციდენტებზე ძიების დაწყება უპრეცედენტოა, რადგან, წულუკიანის განცხადებით, წინა ხელისუფლება ყოველთვის აფარებდა ხელს იმ ადამიანებს, რომლებიც ოპონენტებს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

"ამ მხრივ ჩვენ გვაქვს პროგრესი და თბილისიდან ადგილებზე საკმაოდ მკვეთრ გზავნილს ვაგზავნით", - აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ადგილობრივ დონეებზე გარკვეული თვალსაზრისით ნერვული ფონია შექმნილი. წულუკიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს - შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ საკადრო გადაადგილებებისგან, შეაჩერონ ადგილებზე დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურები და პრეზიდენტობის კანდიდატებს მისცენ საშუალება, წინასაარჩევნო კამპანია მაქსიმალურად მშვიდ და წყნარ ვითარებაში წარმართონ.

"არ შეიძლება ერთი ამომრჩეველი მეორეს იმიტომ ურტყამდეს, რომ ის არჩევნებში სხვას უჭერს მხარს", - დასძინა იუსტიციის მინისტრმა. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის თქმითვე, კომისის წარმომადგენლები მიმდინარე კვირას ბოლნისში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან. წულუკიანის ინფორმაციით, ბოლნისში ჩავა თავად, ასევე შსს-ს, პროკურატურის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ერაძე 26 აგვისტოს პოსტიდან გადააყენეს. საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. მათი აზრით, ის დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევდა. რიგგარეშე სხდომის პარალელურად ინციდენტიც მოხდა. მალხაზ ერაძის მხარდამჭერები გამგეობის შენობაში შეიკრიბნენ და სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ. თუმცა, ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ერაძემ ქართული ოცნება დატოვა და საქართველოს პატრიოტთა ალიანსს შეუერთდა. ერაძის განცხადებით, საკრებულოს 13 წევრის მიერ რიგგარეშე სხდომაზე მისი გადაყენება უკანონო იყო. მისი თქმით, აღნიშნული სხდომის ოქმი გაყალბებულია. როგორც პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი პოსტიდან გადაყენება ნაციონალური მოძრაობის წევრებს სურდათ და მათ ქართული ოცნებაც უჭერდა მხარს. 4 სექტემბერს კი, ბოლნისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ბოლნისის პოლიციამ დაკითხა.

კომენტარები