27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა

სალომე ზურაბიშვილი
geworld.ge

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს გზის საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდება. მეორე ინსტანციის სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქოს სასამართლოს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის საჩივართან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილი ცესკოს უარს სტრასბურგის სასამართლოშიც გაასაჩივრებს.

მოსამართლის განმარტებით, საპრეზიდენტო კანდიდატი არის პოტენციური პრეზიდენტი და კანდიდატი, რომელსაც არ შეუძლია გახდეს პრეზიდენტი, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

თავად სალომე ზურაბიშვილმა სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა. მისი თქმით, ეს არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს სირცხვილია და არა იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება მას ეხება. 

"ეს ეხება მთლიანად ქართულ ემიგრაციას, 21 წლის ემიგრაციას, რომელიც დღეს ბათილად არის ცნობილი, ანუ არ არსებობდა და არ ატარებდა არავითარ ეროვნულ ნიშანს და დღეს ჩვენი ისტორიის ეს ეპიზოდი დაასრულეს ვიღაც ოსამართლეებმა, მაგრამ მე მგონი ასევე ხელისუფლებამ. თუ ხვალ ვინმე იტყვის, რომ ეს "ნაციონალები" იყვნენ და არა ხელისუფლება, ვფიქრობ, რომ იყო ორივე ერთად", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, იგი ემორჩილებოდა კანონს.

"ამიტომ სხვა ნაბიჯი არ გადამიდგამს. თუმცა ერთი ნაბიჯი გადავდგი - ეს იყო საფრანგეთის საელჩოში შესვლა და განცხადების შეტანა მოქალაქეობის დათმობასთან დაკავშირებით, რომელსაც საელჩო დააკმაყოფილებდა იმავე დღეს, როცა საქართველოს მოსახლეობა ამირჩევდა პრეზიდენტად. ეს იმათთვის ვამბობ, ვინც ავრცელებს ხმებს, რომ მე არ ვაპირებდი საფრანგეთის მოქალაქეობის დათმობას", - განმარტა სალომე ზურაბიშვილმა. მან სააპელაციო სასამართლოს ეზოში აღნიშნული განცხადება დახია და განაცხადა, რომ ორმაგი მოქალაქეობის დათმობას არ აპირებს.

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე ცესკომ უარი 3 სექტემბერს უთხრა. მან გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ზურაბიშვილისთვის რეგისტრაციაზე უარს თქმას პრესკონფერენციაზე პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება გავლენას არც ცესკოზე და არც სასამართლოზე არ მოახდენს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა, მაგრამ ისიც სამწუხაროა, რომ ზურაბიშვილი ცდილობს აქცენტები ხელისუფლებაზე გადაიტანოს. ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით კი, ცენტრალური საარჩევნო კომისია სალომე ზურაბიშვილისთვის გამონაკლისს ვერ დაუშვებს და კანონს ვერ დაარღვევს. მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტს ეფუძნება.

კომენტარები