საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო: ანდრო ბარნოვის განცხადება მორიგი სიცრუეა

economy.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის განცხადებას გამოეხმაურა და მას სიცრუე უწოდა.

"დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრო ბარნოვმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი დაფრინავს იმავე თვითმფრინავით, რითაც მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობდა და თითქოს ეს თვითმფრინავი, თავის დროზე, შეისყიდა საქართველოს პრეზიდენტმა. ბატონი ბარნოვის განცხადება კვლავ აგებულია მცდარ ინფორმაციაზე და არ შეესაბამება სიმართლეს", - ამბობს მიქელაძე.

მისი თქმით, თვითმფრინავი, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საუბრობდა, ეკუთვნის არა სახელმწიფო, არამედ კერძო კომპანიას - საქართველოს სალიზინგო კომპანიას. ხოლო მის მომსახურებას ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეიზი ეწევა. ამ თვითმფრინავით სარგებლობა კი, მიქელაძის თქმით, ნებისმიერ კერძო პირს შეუძლია.

"მინდა განვმარტო, რომ დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი უცხოური კომპანიების მომსახურებით და სხვა თვითმფრინავით სარგებლობს. თანაც, ის ამ მომსახურებას იღებს საკუთარი ფინანსებით და არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

რაც შეეხება თვითმფრინავს, რომელზეც განცხადებაში მიანიშნა ბატონმა ბარნოვმა, ამ თვითმფრინავით სარგებლობა პრემიერმინისტრს, როგორც კერძო პირს, მხოლოდ ორჯერ მოუწია და ამ მომსახურების ღირებულებაც დაფარა საკუთარი ფინანსებით და არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე", - აცხადებს ნათია მიქელაძე.

კომენტარები