27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ბიძინა ივანიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას არჩევას მიესალმება

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თამარ ჟვანიას ცესკოს თავმჯდომარედ არჩევა გარანტი იქნება იმისა, რომ ოქტომბერში პრეზიდენტის არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. ამის შესახებ მთავრობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს ხელისუფლება, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურაზე. პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიესალმება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას დანიშვნასთან დაკავშირებით. "თამარ ჟვანია არის კანდიდატურა, რომელსაც მხარს უჭერენ წამყვანი პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება. მჯერა, რომ ის გამოიყენებს თავის გამოცდილებას იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება თავისუფალ და სამართლიან გარემოში", - განაცხადა ივანიშვილმა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორ სხვა კანდიდატთან ერთად წარადგინა თამარ ჟვანიას კანდიდატურა, რომელსაც ერთხმად გაუწიეს რეკომენდაცია სამოქალაქო საზოგადოების წამყვანმა ორგანიზაციებმა. მისასალმებელია, რომ ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და წამყვანი სამოქალაქო საზოგადოების შეთანხმების შედეგად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა თამარ ჟვანიას კანდიდატურა", - აღნიშნულია განცხადებაში.

თამარ ჟვანია ცესკომ თავმჯდომარედ დღეს აირჩია. გადაწყვეტილებას კომისიის ექვსივე წევრმა დაუჭირა მხარი. ისინი აცხადებენ, რომ ხმის მიცემისას გადამწყვეტი ჟვანიას გამოცდილება და კომპეტენცია იყო. ასევე, ისიც, რომ თერთმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჟვანიას რეკომენდაცია გაუწია.

კომენტარები