27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

შსს-მ თანამშრომლებისთვის საარჩევნო პერიოდში ქცევის წესები დაამტკიცა

Police.ge

შინაგან საქმეთა მინისტრმა არჩევნების პერიოდში შსს-ს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია დაამტკიცა. შსს-ს განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი საარჩევნო უფლება უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში გამოიყენონ, სადაც არავის მხრიდან არ იქნება ზეწოლა და ძალადობა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს თითოეული ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას, განახორციელოს თავისუფალი არჩევანი. შსს-ს თითოეული თანამშრომელი უნდა აცნობიერებდეს, რომ არჩევნების პროცესისთვის ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ისჯება კანონით. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში მოთხოვნილი და გამოყენებული სანქციები დარღვევის პროპორციული იყოს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული ინსტრუქცია შექმნილია NDI-ისა და "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის" რეკომენდაციების საფუძველზე.

დოკუმენტი განსაზღვრავს წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს, სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს, ასევე, მათთვის კანონით დადგენილ აკრძალვებსა და შეზღუდვებს. გარდა ამისა, ინსტრუქცია ითვალისწინებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა მიმართ მოთხოვნილი და გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელები იყოს სამართალდარღვევის პროპორციული, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნას მსგავსი დარღვევების პრევენცია. ასევე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელებს დაევალათ, უზრუნველყონ ადმინისტრაციულ შენობებში ინსტრუქციის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება და პირადი შემადგენლობისათვის გაცნობა.

კომენტარები