საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო: ხაბაძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება

economy.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში ყოფნას არ ადასტურებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. 

"ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში არც სამუშაო და არც კერძო ვიზიტით არ იმყოფებოდა. შესაბამისად, ბატონი არჩილ ხაბაძის მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. აჭარის მთავრობის მეთაურს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა ის წარმატებული მოლაპარაკება, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაციამ თავის რუს კოლეგებთან 2013 წლის 6-7 აგვისტოს გამართა. მოლაპარაკების შედეგად, საქართველოსა და რუსეთს შორის განახლდა 2006 წელს შეწყვეტილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვები ქართული გადამზიდავი კომპანიებისთვის. მოლაპარაკება მოსკოვში ჩატარდა და საქართველოს დელეგაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მიხეილ ხმალაძე ხელმძღვანელობდა. დეტალური ინფორმაცია როგორც უშუალოდ მოლაპარაკების, ისე მისი წარმატებული შედეგების შესახებ განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. სათანადო ინფორმაცია თავის დროზე ასევე გავრცელდა საქართველოსა და უცხოეთის მედია-საშუალებებით. სამწუხაროდ, ბატონი არჩილ ხაბაძის მიერ უნებლიედ დაშვებული შეცდომა ცალკეული მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა არაპროფესიონალურად გამოიყენეს და სიცრუით გაჯერებული თეორიები ააგეს," – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები