ბომბის შესახებ შეტყობინება

უსუფაშვილი: ცრუ შეტყობინებების გამო, პარლამენტს მატერიალური ზიანიც მიადგა

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცრუ შეტყობინებების გამო პარლამენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის შენობა ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ სატელეფონო შეტყობინების გამო, სამჯერ დაიცალა.

"ჯამში, პარლამენტის ნორმალური ფუნქციობა შეწყდა 15 საათის განმავლობაში, რამაც მორალურ-პოლიტიკურთან ერთად, პარლამენტს, წინასწარი მონაცემებით, მიაყენა 50 000 ლარამდე ოდენობის ქონებრივი ზიანი. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, პარლამენტს მიაწოდოს ცრუ შეტყობინების ავტორთა (არასრულწლოვნების შემთხვევაში, მათი მშობლების) მონაცემები, რათა, საქმის სასამართლოში განხილვის პარალელურად, მომზადდეს სამოქალაქო სარჩელი პარლამენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით", - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო დღეების განმავლობაში, სხვადასხვა პირები, მათ შორის, არასრულწლოვნები, საგანგებო სიტუაციების სამსახურში რეკავენ და ოპერატორს ამა თუ იმ შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ატყობინებენ. ცრუ შემტყობინებლების ძირითადი სამიზნეები ტელეარხები არიან. მსგავსი შეტყობინებები შსს-ში რამდენჯერმე შევიდა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან და იმედთან დაკავშირებით, ამავე მიზეზით ევაკუაცია გამოცხადებული იყო პროკრედიტ ბანკის ხაშურის ფილიალში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და პარლამენტში. ამ დრომდე არსებული ყველა შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა და პოლიციამ სამართალდამრღვევებს მალევე მიაკვლია. ამ წუთებში, ევაკუაცია მიმდინარეობს ტელეკომპანია მაესტროში.

განვითარებული მოვლენების ფონზე, შსს-მ წარმოადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უნდა გამკაცრდეს ტერორიზმის ცრუ შეტყობინებისთვის გათვალისწინებული სასჯელი. 

კომენტარები