გიგი უგულავას საქმე

ლაშა მაქაცარია: პროკურატურა დეზინფორმაციას ავრცელებს

ნეტგაზეთი

თბილისის მერის გიგი უგულავას საქმეში ერთ-ერთი მოწმის ლაშა მაქაცარიას განცხადებით, პროკურატურა დეზინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ბრალდების მხარეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. მაქაცარიას განმარტებითვე, მიწის მართვის კომისიის სხდომების ნაწილს ესწრებოდა, ნაწილს - არა. 

"პროკურატურა, რომელსაც არანაირი მტკიცებულებები აღარ აქვს, დღეს, როგორც ტყუილების სამჭედლო, ისე გამოიყურება. მიწის მართვის კომისიის რამდენიმე სხდომა იყო, სადაც ნაწილს ვესწრებოდი და იქ არის ან ჩემი ხელმოწერა, ან ჩემი უფლებამოსილი პირის. არის სხდომები, რომელსაც არ ვესწრებოდი და იქ, შესაბამისად, ვერ იქნებოდა ვერანაირი ხელმოწერა. ვურჩევ პროკურატურას, ყურები კარგად გამოიბერტყოს, რათა კარგად გაიგოს თუ რას საუბრობს მოწმე. ისინი თუ დეზინფორმაციით ცდილობენ ამ საქმის მიმართ ინტერესის გაქარწყლებას, ნამდვილად არ გამოუვათ. ეს საქმე არის პოლიტიკური და ამ საქმეში ბრალდებული ყველა პირი, დარწმუნებული ვარ, რომ გამართლდება", - განაცხადა იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა.

ცნობისთვის, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა ლევან სალიამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის ორმა ყოფილმა წევრმა რიყის გასხვისების ოქმისთვის ხელისმოწერა უარყო. მისივე თქმით, მოწმეებმა ლაშა მაქაცარიამ და ნინო ბახტაძემ დაადასტურეს, რომ გიგი უგულავას მხრიდან რიყის გასხვისების ინტერესი არსებობდა.

"ლაშა მაქაცარიამ და ნინო ბახტაძემ დღეს უარყვეს, რომ ხელი აქვთ მოწერილი იმ ოქმზე, რომელიც თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიამ შეადგინა რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით. საქმეში არსებობს ოქმი, რომელზეც აღნიშნული პირების ხელმოწერებია. თუმცა, ლაშა მაქაცარიაც და ნინო ბახტაძეც ამბობენ, რომ მათ ოქმზე ხელი არ მოუწერიათ. აქედან ჩანს ის, რომ აღნიშნული კომისიის მიზანი რიყის გასხვისება იყო", - განაცხადა ლევან სალიამ.

პროკურორის განცხადებას სიცრუე უწოდა გიგი უგულავას ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემაც. მისი თქმით, სასამართლოს ოქმში დაფიქსირებული მოწმეების ჩვენებების მიხედვით, რიყის გასხვისების ინტერესზე საუბარი არ ყოფილა. გაბაიძის თქმითვე, პროკურორ ლევან სალიას დღევანდელი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და მოწმე მაქაცარიამ და ნინო ბახტაძემ მერიაში შექმნილ კომისიის სხდომაზე დასწრება დაადასტურეს. 

"მოწმეები ადასტურებენ მერიის კომისიის სხდომაზე ყოფნის ფაქტს. ოქმზე ხელმოწერა ტექნიკური მხარეა. ფაქტს ისინი ადასტურებენ, რომ სხდომას ესწრებოდნენ და დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვს. ოქმზე მხოლოდ ერთი ხელმოწერა არ არსებობს, ისიც ტექნიკური გამორჩენის გამო, თუმცა ეს არაფერს წყვეტს, ხმათა უმრავლესობით ჰქონდათ გადაწყვეტილება მიღებული - კოლეგიალურმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება. პროკურორის განცხადება ტყუილია", - განაცხადა გაბაიძემ.

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმეზე შემდეგი პროცესი მოწმეების დაკითხვით, 16 ოქტომბერს განახლდება.

კომენტარები