საქართველოს ეროვნული ნაკრები

ხიზანიშვილი: ეროვნული ნაკრებიდან მივდივარ

ზურაბ ხიზანიშვილი
www.whoateallthepies.tv

მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად - ეს განცხადება ზურაბ ხიზანიშვილმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გააკეთა. ხიზანიშვილი, რომელსაც სხვადასხვა დროს თბილისის დინამოს, თბილისის ლოკომნოტივის, შოტლანდიური დანდის, რეინჯერსის, ინგლისური ბლექბერნ როვერსის, ნიუკასლ იუნაიტედის და რედინგისა შემადგენლობაში უთამაშია, ამჟამად კი თურქული ქაიზერსფორის ღირსებას იცავს, 7 და 10 სექტემბერს საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა. საფრანგეთის ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ, თემურ ქეცბაიამ განაცხადა რომ ხიზანიშვილი გუნდთან ერთად ავტობუსში არ ავიდა, რაც ალბათ მისი უთამაშებლობით იყო გამოწვეული. ამ ეპიზოდის შესახებ, ვეტერანმა მცველმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განაცხადა, რომ ფაქტს ფეისბუქის გვერდის მეშვეობით გამოეხმაურებოდა.

ზურაბ ხიზანიშვილის განცხადებას, უცვლელად გთავაზობთ:

"დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების შესახებ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ცხელ გულზე არ მიმიღია იგი. 
მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს მივუძღვენი და მართლაც ბედნიერი ვარ ამით. უამრავი წარმატება თუ წარუმატებლობა, გამარჯვება თუ მარცხი მახსოვს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ თუ რამეს მივაღწიე, მხოლოდ წარმოუდგენელი შრომისა და თავგანწირვის ხარჯზე.
მე დღესაც ასე ვაგრძელებ ჩემს სპორტულ საქმიანობას, მაგრამ დღეიდან სამწუხაროდ უკვე ეროვნული ნაკრების 
გარეშე.
ამ წლების განმავლობაში 400- მდე მატჩი მაქვს ნათამაშები, საქართველოს, შოტლანდიის, ინგლისის და თურქეთის უმაღლეს ლიგებში. მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრებში ნათამაშები 91 მატჩი ჩემთვის ყველაზე უფრო საამაყოა.
იყო შენი ქვეყნის წარმომადგენელი, გეცვას შენი ნაკრების მაისური, ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი პატივია.
მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს მეგობრებს, ყველა იმ ფეხბურთელს, ვისთან ერთადაც მქონია პატივი ეროვნული
ნაკრების ინტერესები დამეცვა. განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. დიდი მადლობა ყველას.
არ მინდა ვინმემ ეს გადაწყვეტილება ბრძოლის ველიდან გაქცევად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის.
მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად.

პატივისცემით 
ზურა ხიზანიშვილი."

კომენტარები