სირიის კონფლიქტი

ასადი: ქიმიური იარაღის განადგურებას ერთი წელი და მილიარდი დოლარი დასჭირდება

telegraph.co.uk

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ქიმიურ იარაღს გაანადგურებს. თუმცა, მისი თქმით, პროცედურა დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდება. ასადი ასევე ამბობს, რომ განადგურება რთული და ძვირადღირებული ოპერაციაა და ამას ერთი მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება. "ასე რომ, ექსპერტებს უნდა ვკითხოთ, რას გულისხმობენ იარაღის სწრაფად განადგურებაში. ეს ოპერაცია გეგმის მიხედვით უნდა განხორციელდეს", - აღნიშნავს ასადი.

ბაშარ ალ-ასადი კვლავ უარყოფს 21 აგვისტოს დამასკში ქიმიური იარაღის გამოყენებას. მისი თქმით, იარაღი მეამბოხეებმა გამოიყენეს.

გაერომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაადასტურა. გაეროს ინსპექტორთა ცნობით, გასულ თვეში დამასკის ერთ-ერთ რაიონში თავდასხმის დროს ზარინის გაზი გამოიყენეს. თუმცა, დასკვნაში არ წერია, ქიმიური იარაღი რომელმა მხარემ გამოიყენა. ეს მათ დავალებაში არ შედიოდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა აღნიშნულ ფაქტს სამხედრო დანაშაული უწოდა.

"ინსპექტორთა ჯგუფის დასკვნით, ქიმიური იარაღი დიდი მოცულობით გამოიყენეს დამასკის ერთ-ერთ რაიონში, გუტაში. ამ თავდასხმამ მეტწილად მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდი მსხვერპლი გამოიწვია", - აღნიშნა ბან კი მუნმა.

გაეროს ექსპერტებმა ასევე რუსული მარკირებით რაკეტის ძრავი აღმოაჩინეს.

ბან კი მუნის თქმით, სისხლის ანალიზის ჩატარებისას ზარინზე დადებითი შედეგი 85% შემთხვევაში აღმოჩნდა.

 

კომენტარები