კბილაშვილმა მოსკოვში პროკურორთა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის მე-18 კონფერენცია მოსკოვში
rg.ru

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მოსკოვში მონაწილეობა მიიღო პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის მე-18 ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც 8-12 სექტემბერს გაიმართა. ინფორმაცია ტაბულას დაუდასტურა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ.

ღონისძიებას მოსკოვში 100-მდე ქვეყნის მთავარი პროკურორი, პროკურორების მოადგილეები და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრები ესწრებდნენ - სულ 800-მდე პირი.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია მსოფლიოს 250 ათასზე მეტ პროკურორს აერთიანებს, ხათუნა პაიჭაძის ინფორმაციით კი, საქართველოს მთავარი პროკურატურა მისი წევრი ორი წლის წინ გახდა.

კონფერენციაზე განხილული იყო ტერორიზმის, ექსტრემიზმის, საერთაშორისო ნარკოდანაშაულის, ადამიანთა ვაჭრობის საკითხები, ასევე ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

ღონისძიებას უნდა დასწრებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუმცა, გაურკვეველი მიზეზით, ეს არ მოხდა. კონფერენციას რუსეთის სახელით უმასპინძლა რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, არჩილ კბილაშვილი არაერთ კოლეგას შეხვდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია მე-19 კონფერენციას 2014 წელს დუბაიში გამართავს.

კომენტარები