ვიქტორ სანიკიძე

სარაგოსას მწვრთნელი: ბედნიერი ვარ, რომ სანიკიძე ჩვენთან ითამაშებს

Viktor Sanikidze
Tabula

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე ესპანურ სარაგოსაში ითამაშებს. 27 წლის კალათბურთელი აქამდე სიენას მონტეპასკიში ასპარეზობდა, სადაც გასულ სეზონში საშუალოდ 17 წუთში 5.5 ქულას და 4.7 მოხსნას აგროვებდა. ევროპის ჩემპიონატზე კი სანიკიძის ანგარიშზე, საშუალოდ, თითქმის ამდენივე - 5.7 ქულა და 4.7 მოხსნა იყო.

2.03 მეტრის სიმაღლის კალათბურთელი, სარაგოსაში გიორგი შერმადინს შეუერთდება, რომელიც გუნდში ახლახან გადავიდა და უკვე თამაშიც მოასწრო.

ვიქტორ სანიკიძეს კარიერის განმავლობაში, საქართველოს, საფრანგეთის, ესტონეთის და იტალიის გუნდებში უთამაშია. ბოლონიას ვირტუში ფორვარდმა სამი სეზონი ითამაშა, მონტეპასკიში კი - მხოლოდ ერთი.

სარაგოსას მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის აბიოსმა სანიკიძის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის "აბსოლუტურად განსხვავებული" კალათბურთელია. 

"ბედნიერი ვარ, რომ სანიკიძე ჩვენთან ითამაშებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ კალათბურთელს ერთნაირად წარმატებით შეუძლია თამაში შეტევაშიც და დაცვაშიც, ის ძალიან კარგი მომხსნელია. სანიკიძე მშვენივრად მოქმედებს ფარის სიახლოვეს, ძალიან სწრაფი პირველი ნაბიჯი აქვს და მთლიანობაში, ძალიან ფეთქებადია. მოკლედ, მას მოწინააღმდეგის დაცვისთვის ბევრი ხიფათის შექმნა შეუძლია. ის, რომ სანიკიძე და შერმადინი ერთმანეთს კარგად იცნობენ, რა თქმა უნდა, დიდი პლუსია, მაგრამ ვიქტორის შემთხვევაში, ჩვენთვის მთავარი იყო, რომ მან იტალიაში დაამტკიცა, თუ რამდენად ძლიერი მოთამაშეა და ასევე დიდი როლი ითამაშა მისმა საერთაშორისო გამოცდილებამაც", - განაცხადა ხოსე ლუის აბიოსმა.

 

 

 

 

კომენტარები