ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე

რუსი სპეციალისტები ქართული ღვინის ხარისხით სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ

ქართული ღვინო, მოსკოვში მოთხოვნის კუთხით, იტალიური და ფრანგული ღვინის შემდეგ, მესამეა, - ამის შესახებ საქართველოში მყოფმა ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვალერი კატუკოვმა განაცხადა.

რუსი სპეციალისტის განცხადებით, ქართული ალკოჰოლური სასმელების რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხს როსპოტრებნადზორი და მთლიანად რუსეთის მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს და ამის დასტურია ის, რომ საქართველოში როსპოტრებნადზორის ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტები გამოგზავნეს ქართული საწარმოების  შესამოწმებლად.

როგორც კატუკოვი ამბობს, რუსი სპეციალისტების მესამე ჯგუფი ქართული ღვინის ხარისხით სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩა. როგორც მან აღნიშნა, ახლა მთავარია, მოხდეს ხარისხის შენარჩუნება, რადგან არის სახიფათო სიგნალები, რომ ძირითადად ხარისხიან პროდუქციას შორის, შესაძლოა, აღმოჩნდეს უხარისხო სასმელიც. 

"მე არ მინდა ეს კომპანიები დავასახელო და არ მინდა კოლეგები გავანაწყენო, მაგრამ როსპოტრებნადზორის მოთხოვნა, იყოს მაღალი ხარისხი, ყველა საწარმოს ერთნაირად ეხება. პროდუქციის ხარისხი საწარმოს მფლობელის სინდისზეა. არ მინდა განმეორდეს ის სიტუაცია, რაც მოლდოვურ ღვინოს შეექმნა, როდესაც არაერთი გაფრთხილების შემდეგ, როსპოტრებნადზორი იძულებული გახდა, მოლდოვური ღვინის შეტანა შეეჩერებინა. მე არ მინდა საქართველოსთან მიმართებაშიც ანალოგიური მოხდეს, თუმცა, ვფიქრობ, საქმე აქამდე არ მივა, რადგან საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ, დავრწმუნდი, რომ ქართველი მეწარმეები ხარისხს სერიოზულად უდგებიან", - განაცხადა კატუკოვმა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საწარმოს პროდუქცია ხარისხს არ დააკმაყოფილებს, მათ უკან დააბრუნებენ.

კომენტარები