საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: აუცილებელია, მოვემზადოთ იმ დროისთვის, როცა იმპერია ჩამოიშლება

მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში რუსული ოკუპაციის გაგრძელებაზე, ასევე საქართველოსა და სხვა მეზობელ სახელმწიფოებზე კრემლის ზეწოლაზე გაამახვილა ყურადღება.

"ახლა, როცა მე აქ, თქვენ წინაშე ვსაუბრობ, აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან, გახდნენ ევროპული ოჯახის, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრები, განიცდიან მუდმივ ზეწოლასა და მუქარას.

სომხეთი კუთხეში მოიმწყვდიეს და აიძულეს საბაჟო კავშირში გაწევრიანება, რაც არ შედის არც მის და არც ჩვენი რეგიონის ინტერესებში. მოლდოვას ბლოკადა გამოუცხადეს, უკრაინას თავს ესხმიან, აზერბაიჯანი განსაკუთრებული ზეწოლის პირისპირ არის დარჩენილი, საქართველო კი - ოკუპირებული...
რატომ? იმიტომ, რომ ძველი იმპერია ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული საზღვრები.
სახელმწიფოების უმეტესობისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაცია არ არის დაინტერესებული გარშემო სტაბილური სახელმწიფოების არსებობით.
მუდმივი ქაოსი და არეულობა მეზობელ ქვეყნებში - ეს არის ის, რასაც ესწრაფვის კრემლი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
"როგორ გგონიათ, არის თუ არა კრემლი მზად, განიხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის საკითხი დღეს, როცა მთავრობა უკვე შეიცვალა თბილისში? სულაც არა! ქართული მიწის ანექსია რუსული ჯარის მიერ კვლავაც გრძელდება. გუშინ, ოკუპანტებმა დღისით, მზისით, და სრულიად დაუსჯელად, საქართველოს მოქალაქეები კვლავ გააძევეს საკუთარი სახლებიდან და სოფლებიდან, სადაც მრავალი თაობის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო კვირებსა თუ თვეებში გაკეთებული მეგობრული განცხადებების მიუხედავად, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ წინსვლას, ხალხს ყოფენ მავთულხლართებით, საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკონომიკას, მიიწევენ ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა და საქართველოს მთავარი გზატკეცილისკენ, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის მდგრადობას.
დღეს აქ მოვედი ქართველი ხალხის სახელით და საერთაშორისო გაერთიანებას გთხოვთ, ამ აგრესიაზე მოახდინოთ მკაცრი რეაგირება და გაგვიწიოთ დახმარება, დავასრულოთ რუსეთის ანექსია ჩვენს მიწაზე", - აღნიშნა თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევრაზიული კავშირის იდეაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსული იმპერიული პროექტი განწირულია.

"აუცილებელია, მოვემზადოთ იმ დროისთვის, როცა იმპერია ჩამოიშლება, რათა მისი ზიზღის მემკვიდრეობა სწრაფად იყოს დაძლეული. სწორედ ამიტომ, ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, უნდა მოვემზადოთ იმ დროისთვის, როცა რუსეთის ჯარები დატოვებენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს - ცხინვალსა და სოხუმს.

უნდა მოვემზადოთ, რათა ხელგაშლილად უკან მივიღოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, არა როგორც ჩვენი მტრები, არამედ დები და ძმები.
იმიტომ რომ ეს დრო უფრო მალე დადგება, ვიდრე გვგონია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, "კრემლის სტრატეგები" პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სიცრუეს ავრცელებენ, თითქოს დასავლეთი მათ იდენტობას ემუქრება.

"უცნაურია, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში კიევში, თბილისსა თუ კიშინიოვში გვესმის ერთი და იგივე მახინჯი ჰანგები, რომელიც მოსკოვშია დაწერილი, გვესმის, რომ თითქოს ჩვენი ტრადიციები იმსხვრევა დასავლეთის გავლენის გამო; რომ ეკლესიები გადაიქცევა დისნეილენდებად და რომ ქრისტიანულ დღესასწაულებს გეიპარადებით ჩაანაცვლებენ; და რომ ჩვენი მართლმადიდებლური იდენტობა საფრთხეშია. და ბოლოს, ვითომც არაფერი - გვესმის რომ ჩვენს ყოფილ ბატონებთან გვაერთიანებს საერთო პატივისცემა წესიერებისა და ტრადიციების მიმართ. ნუთუ მართლა ასეთი გულუბრყვილონი ვართ, რომ დავიჯეროთ ეს ტყუილები, როგორც წინა თაობები იჯერებდნენ და საშუალება მივცეთ მოსკოვს, გაიტაცოს ჩვენი სუვერენიტეტი? ნუთუ შეგვიძლია, ასე უსამართლო ვიყოთ ჩვენი წინაპრების მიმართ და ვიფიქროთ, რომ მათ პატივი მიეგებათ იმ შემთხვევაში, თუ თავს დავესხმებით რომელიმე მეჩეთს? ნუთუ ასე არ ვიცნობთ საკუთარ ისტორიას, რომ დავუშვათ მისი უსასრულოდ გამეორება?" - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტმა მოუწოდა, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და განვითარებისთვის ბრძოლა გააგრძელონ:
"ჩვენ ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ. მაგრამ მე მესმის, რომ ზოგიერთი რამ ძალიან დიდი საფასურის შედეგად გაკეთდა. ჩვენს აჩქარებულ მცდელობებში რომ დაგვემყარებინა ახალი რეალობა, რომელიც პასუხს გასცემდა შიდა და გარე საფრთხეებს, შეცდომებიც დავუშვით და ხანდახან გზაც მოვჭერით.
ზოგჯერ ძალიან შორს წავედით, ზოგჯერ კი არასაკმარისად შორს.
მე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა ნაკლოვანებაზე. და გულთან ახლოს მიმაქვს ყველა იმ ადამიანის აზრი, რომელიც მიიჩნევს, რომ საკმარისად ვერ იხეირა ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოთი ან ვინც თავს ჩვენი რადიკალური მეთოდების მსხვერპლად თვლის.
მსურს მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს - ვინც მხარს უჭერდა ჩვენს პროექტს, პოლიტიკასა და პარტიას და მათაც, ვინც უარყოფდა მათ - თუ რაოდენ ამაყი ვარ მათი მოწიფულობით და სიმამაცით, რაოდენ მოკრძალებით ვუცქერ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლსა და ძალისხმევას.
მსურს ვუთხრა მათ, რომ ისინი ყოველთვის უნდა დარჩნენ ერად, რომელსაც თავისუფლებისა და ღირსების სიყვარული აერთიანებს".
"რეგიონული ერთიანობის, თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციის ჩვენი გზა ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან და მისი საბოლოო წარმატებისთვის, მუხლჩაუხრელად ვაპირებ მუშაობას", - განაცხადა მიხეილ სააკაშილმა.

რუსეთის დელეგაციამ გაეროში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დროს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის განცხადებთ, სააკაშვილის გამოსვლები გაეროში 2008 წლის შემდეგ "ყოველთვის უხეში ანტირუსული თავდასხმებით გამოირჩეოდა". "ამჯერად კი ეს იყო არა გამოსვლა, არამედ ბოდვების ნაკრები, რომელსაც არა უბრალოდ ანტირუსული, არამედ რუსოფობიური და ანტიმართლმადიდებლური ხასიათი ჰქონდა. ქართველი ხალხის საბედნიეროდ, დასასრულს უახლოვდება ამ ადამიანის პოლიტიკური კარიერა, რომლის ფსიქიკური მდგომარეობა პროფესიულ შეფასებებს საჭიროებს", - განაცხადა ვიტალი ჩურკინმა.

კომენტარები