სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების სამინისტრო: მერაბიშვილის მდგომარეობა სტაბილურია

ipn.ge

დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების მიხედვით, ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას რაიმე სახის სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროება - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

”ბრალდებული ივანე მერაბიშვილი დღეს, 27 სექტემბერს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გეგმიური სამედიცინო გამოკვლევების მიზნით გადაიყვანეს. მას ჩაუტარდა ხერხემლის მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა და მუცლის ღრუს ორგანოების და ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია.

გამოკვლევების შედეგების მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, ივანე მერაბიშვილს ჯანმრთელობის მხრივ რაიმე საგანგაშო პრობლემა არ აღენიშნება და ექიმების განმარტებით, მას რაიმე სახის ოპერაციული მკურნალობა არ ესაჭიროება.

გამოკვლევებმა დაადასტურა 6 სექტემბრის კონსილიუმში მონაწილე ექიმების დიაგნოზი, ხერხემლის სქოლიოზი. 6 სექტემბრის შემდეგ ბრალდებულმა წონაშიც მოიმატა", - აცხადებს სამინისტრო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მერაბიშვილს 6 სექტემბერს ექიმ-სპეციალისტთა გაფართოებული კონსილიუმი ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპლექსური შეფასების მიზნით ჩაუტარდა, რომელშიც მონაწილეობდა პაციენტის ნდობით აღჭურვილი ექიმიც. კონსილიუმის შეფასებით, მას სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებოდა, თუმცა ექიმებმა გასცეს რეკომენდაცია დამატებითი ამბულატორიული რადიოლოგიური გამოკვლევების ჩატარებაზე, რის საფუძველზეც ბრალდებული პენიტენციარული ჯანდაცვის ელექტრონულ პროგრამაში გეგმიური რეფერალის მიზნით დარეგისტრირდა და 27 სექტემბერს ეს გამოკვლევები გეგმიურად ჩაუტარდა.

პაციენტის გამოკვლევების შესახებ, სამედიცინო დასკვნები და დეტალური ინფორმაცია პენიტენციარული სისტემის ექიმებს და ბრალდებულის მხარეს ორშაბათს გადაეცემათ.

კომენტარები