თანაინვესტირების ფონდი

ვაშაძე: ანაკლიის პორტი იქ შენდება, სადაც ლაზიკის პორტი უნდა აშენებულიყო

გიორგი ვაშაძის Facebook-ს გვერდი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე დღეს სპეციალური პრესკონფერენციით გამოეხმაურა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას თანაინვესტირების ფონდის დაფუძნებისა და ანაკლიაში საქართველოში უმსხვილესი პორტის აშენების შესახებ.

გიორგი ვაშაძის თქმით, ანაკლიის პორტი ზუსტად იქ შენდება, სადაც ყოფილი ხელისუფლება გეგმავდა ლაზიკის პორტის აშენებას.

"ამ სანაპირო ზოლში არის მხოლოდ ერთადერთი ღრმა კანიონი, სადაც შეიძლება აშენდეს პორტი, რომელიც დიდი გაბარიტების გემებს მიიღებს და სამომავლოდ გაზრდის შემოსავალს ქვეყნისთვის. ერთი წელი ჩვენ დავკარგეთ არაფერში. ამ ერთი წლის განმავლობაში პორტი შეიძლება ყოფილიყო მშენებლობის დასრულების სტადიაზე. სამეგრელოსთვის ანაკლიის პროექტის გაჩერება ეს იყო განვითარების არტერიის გადაკეტვა და სწორედ ამასთან არის დაკავშირებული, რომ ეს განცხადება დღეს წინასაარჩევნოდ გააკეთა პრემიერმინისტრმა, რომ როგორმე სამეგრელოში მაცხოვრებელი ადამიანების გული მოიგოს", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ერთ-ერთი უდიდესი პროექტი, რომელსაც აღნიშნული ფონდი დააფინანსებს, ანაკლიის პორტია. პორტი საქართველოში უდიდესი იქნება და ივანიშვილის განცხადებით, ის წელიწადში 110 მილიონი ტონა ტვირთის გატარებას შეძლებს. ივანიშვილის თქმით, პორტის ერთ-ერთ ვარიანტად ლაზიკის მიმდებარე ტერიტორია განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, ანაკლიის ტერიტორია შეირჩა არსებული უპირატესობებიდან გამომდინარე.

თანაინვესტირების ფონდის კაპიტალი 6 მილიარდ დოლარს შეადგენს. პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, წარმოება და ლოგისტიკა იქნება. ფონდის ერთ-ერთი დამფინანსებელია საქართველოს პრემიერმინისტრი, რომელიც 1 მილიარდ დოლარს დააბანდებს.

კომენტარები