ISAF-ის მისია

31-ე და ბათუმის ბატალიონები ISAF-ის მისიის შესრულებას იწყებენ

Facebook.com

საქართველოს შეირაღებული ძალების 31-ე და ბათუმის ბატალიონები ISAF-ის მისიის შესრულებას იწყებენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონები ავღანეთში უკვე ჩავიდნენ. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში აშშ-ის საზღვაო ქვეითების დაქვემდებარებაში მომავალი 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ. 

ოპერაციის რაიონის გადაბარებამდე, ჯარისკაცები ამერიკელი საზღვაო ქვეითების და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ბაზა ლეზერნეკზე დასკვნით სწავლებას გადიან. ქართველ ჯარისკაცებს შემაჯამებელი წვრთნები უტარდებათ თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების საწინააღმდეგო მოქმედებებში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებში, რელიგიურ თავისებურებებში, ნავიგაციის ჩამხშობი სისტემების გამოყენებაში, უსაფრთხოებასა და ბრძოლაში ჩართვის წესებში. ქართული ბატალიონების მძღოლები დამატებით მომზადებას გადიან ექსტრემალურ პირობებში ჯავშანმანქანა MRAP-ის ნაღმსაწინააღმდეგო მოწყობილობის ტარებაში ("Mine-Roller"). 

31-ე და ბათუმის ბატალიონები 33-ე და 42-ე ბატალიონებს მომავალი ორი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ. 31-ე ბატალიონი მისიას ლეზერნეკის ბაზაზე შეასრულებს. ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობა პირველად სწორედ ამ ბატალიონის სამხედროებმა დაიწყეს - 2010 წლის აპრილიდან. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი მისიას ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებს. 

კომენტარები