ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო რგოლზე: ერთი ერთზე უშვებთ ტელევიზიები

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კლიპს - "ოცნება არ მუშაობს" - ტელევიზიები გადაუმოწმებლად და გამოუკვლეველად უშვებენ. როგორც ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნა, მოსახლეობა ასეთი "ზედაპირული მონაცემებით" სრულყოფილ ინფორმაციას ვერ იღებს.

"ყველა ტელევიზიაში გადის კლიპები - ქართული ოცნების შეუსრულებელ დაპირებებზე. რომელიმე ჟურნალისტს დაგისვამთ კითხვა და გამოგიკვლევიათ, ერთი ერთზე რომ უშვებთ ყველა ტელევიზია?" - იკითხა ივანიშვილმა. მას ტელეკომპანია კავკასიის დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა შეახსენა, რომ აღნიშნული კლიპები საარჩევნო რეკლამაა და პოლიტიკურ პარტიებს მათ გასაშვებად, უფასო საეთერო დრო ეთმობათ.

"არამარტო, ტელევიზიებშიც ბევრს გამოდიან და ისედაც ბევრს საუბრობენ. ჩვენ დავინახოთ რეალური მიზეზები. ზოგჯერ ზედაპირული ციფრები არაფრის მთქმელია და პირიქით, საწინააღმდეგოს აჩვენებენ. მარტო ამას როცა აწვდი მოსახლეობას, რა თქმა უნდა, მოსახლეობა ვერ იღებს სრულყოფილ ინფორმაციას", - თქვა ივანიშვილმა.

რამდენიმე კვირის წინ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პარტიას წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის განთავსებაზე უარი უთხრა. საუბარი სწორედ იმ კლიპზე იყო, რომელზეც პრემიერმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა. მაშინ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განმარტა, რომ ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო სარეკლამო ვიდეორგოლები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს არ პასუხობს. მაუწყებლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ კი, ნეტგაზეთს უთხრა, რომ "რეკლამა სხვისი ანტირეკლამა არ უნდა იყოს და ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარ ვაჟკაცობაზე უნდა ილაპარაკოს". მოგვიანებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილ ვიდეორგოლებს სატელევიზიო ეთერში უცვლელი სახით განათავსებს.

 

კომენტარები