ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ივანიშვილი: ბენზინის ფასი უახლოეს მომავალში დაიწევს

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

ბენზინი მე მგონი უახლოეს მომავალში გაიაფდება, შეიძლება ამ ვიზიტის შემდეგაც, არ გამოვრიცხავ მაგრამ არ მინდა მოვლენებს დავასწრო, - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებთან და გადაცემების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანში იმყოფება და შესაძლოა, უახლოეს მომავალში, ტრანზიტების კუთხით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

"რაც შეეხება ზოგადად ტრანზიტებს, აქაც დიდი სამუშაო ჩავატარეთ. დღესაც ჩემი წარმომადგენლები არიან, რკინიგზის უფროსი, კახა კალაძე და ჩემი ნათესავი, რომელსაც პრემიერად მოიაზრებდნენ, არიან დღეს ბაქოში და აგრძელებენ მოლაპარაკებებს. მე მგონია, რომ ჩვენ წარმატებებს ვაღწევთ უკვე. ორივე სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ ტრანზიტული ფუნქცია არ დაეკარგოს საქართველოს 2006 წლიდან, ყოველ წელიწადს მილიონი ტონით მცირდებოდა ნავთობის გადინება ჩვენი რკინიგზით შუა აზიიდან", - განაცხადა პრემიერმა.

ივანიშვილის თქმით, გასულ წლებში საქართველოში ტრანზიტულად შემოსული ნავთობპროდუქტებიდან თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად, გარკვეულ პირებზე ნაწილდებოდა

"ფასები ახლა, უახლოეს პერიოდში დაიწევს. ტრანზიტებით ეს ძირითადად დაკავშირებული იყო ბენზინთანაც და სხვა ნავთობპროდუქტებთან, რაც ტრანზიტებით შემოდიოდა საქართველოში და შემდგომ საცალო ვაჭრობაშიც ხვდებოდა, რა თქმა უნდა, ჯიბეებში გადადიოდა და იქ ფული კეთდებოდა. ამ მხრივაც დიდი დრო დავკარგეთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენი მცდელობა არ დაგვიკლია. ის, რაც ჯიბეებში გადადიოდა ტრანზიტებით, გაზზე თუ ნავთობზე, გარწმუნებთ, რომ სახელმწიფოს ხმარდება დღეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერმა კორუფციის მხრივ დღეს არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მაღალჩინოსნების მიერ ქრთამის აღების ფაქტი დღეს არ არსებობს.

"გარწმუნებთ, რომ არანაირი კორუფცია დღეს არ არის და ვერავინ ვერ მიანიშნებს ვერცერთ ჩინოვნიკზე, რომ რაიმე წილებში ჩაჯდა და რაიმე ფულს ღებულობს. შესაძლებელია წინები ღებულობდნენ, ახლა შეიძლება ვიღაცები არ იხდიან, არ ვიცი, შესაძლოა ასეთი რამ არსებობდეს. ამავდროულად, რაიმე კოლოსალური ძვრები არ მომხდარა, შესაძლებელია, ეს კითხვები არსებობდეს და ამისთვის პროკურატურა მუშაობს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები