რუსეთის ბაზარი

ონიშჩენკომ 28 სახეობის ქართული ღვინო დაბლოკა

გენადი ონიშჩენკო
ria.ru

რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა რუსულ ბაზარზე არ დაუშვა ქართული ალკოჰოლური პროდუქციის 28 სახეობა, რომელიც ქართველმა მწარმოებლებმა რეგისტრაციისთვის წარადგინეს. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსს უწყების ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ განუცხადა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რუსეთმა საქართველოდან ალკოჰოლური სასმელების იმპორტის საკითხს გადახედოს.

ონიშჩენკოს თქმით, ექსპერტების დასკვნის თანახმად, მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო უწყებამ რამდენიმე მწარმოებლის პროდუქცია დაიწუნა. მათ შორისაა Schuchmann Wines Georgia, ასკანელი ძმები, იმედი-96 და ახალშენი-2005.

ონიშჩენკოს განცხადებით, ეს ფაქტი "კიდევ ერთხელ გვაეჭვებს იმაში, რომ ქართულ მხარეს სურს გრძელვადიანი, სტაბილური და ცივილიზებული ურთიერთობების დამყარება, რომელთა საფუძველი მხოლოდ რუსულ ბაზარზე მოწოდებული პროდუქციის სტაბილური ხარისხი შეიძლება გახდეს".

"ამ რაოდენობის უარყოფითი დასკვნები, თანაც, ისეთი სახეობების რეგისტრაციაზე, რომლებიც სანიმუშო უნდა ყოფილიყო, იმას მოწმობს, რომ საქართველოში ღვინის ყველა მწარმოებელმა ვერ გამოიტანა დასკვნები იმ მრავალწლიანი სიტუაციიდან, რომელიც ჩვენ გვქონდა. ეს გვაძლევს საფუძველს ჩვენი დამოკიდებულების შესაძლო გადახედვისთვის ქართული მხარის განზრახვის მიმართ, (რუსეთთან) საქმიანი პარტნიორული ურთიერთობა დაამყაროს", - განაცხადა ონიშჩენკომ.

 

კომენტარები